ბრიუსელში ხელი მოეწერა ოქმებს ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამშაბათს ბრიუსელში, ნატოს შაბ-ბინაში, ხელი მოეწერა ოქმებს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ. ხელი მოაწერეს შვედეთმა, ფინეთმა და ნატოს წევრი 30-ვე ქვეყნის წარმომადგენლებმა. თავიანთ გამოსვლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, დღევანდელ დღეს „ისტორიული“ უწოდეს. მათ აღნიშნეს, რომ კავშირში ორი ქვეყნის შესვლა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მათი უსაფრთხოების გამყარებას, არამედ მთლიანად ნატოს უსაფრთხოებასაც გააძლიერებს. დღევანდელ სხდომაზე რუსეთი პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრამ სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა იმის მთავარი არგუმენტი, რომ ორმა ტრადიციულად ნეიტრალურმა ქვეყანამ ნატოს წევრობა გადაწყვიტა. ფინეთმა და შვედეთმა მაისის შუა რიცხვებში შეიტანეს წევრობაზე ოფიციალური განაცხადი. ალიანსში მათი მიღების შესახებ გადაწყვეტილება სარეკორდოდ სწრაფად მოხდა - გადაწყვეტილების შესახებ უკვე ივნისის ბოლოს გამოაცხადეს ნატოს სამიტზე მადრიდში. ერთადერთი სერიოზული წინაღობა იყო თურქეთის მოთხოვნა, რაზეც მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, აუცილებელია დღეს ხელმოწერილი დოკუმენტების რატიფიცირება ნატოს წევრი 30-ვე ქვეყნის პარლამენტების მიერ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებდნენ ნატოში ორი ქვეყნის გაწევრიანებაზე, აცხადებდნენ, რომ, ერთი მხრივ, გმობენ ამას, მეორე მხრივ კი - ამაში ვერ ხედავენ განსაკუთრებულ პრობლემას, ვინაიდან რუსეთს არა აქვს ამ ქვეყნებთან ტერიტორიული დავა. ამასთან, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ფინეთსა და შვედეთში ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიმართავს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929834.html

Source: radiotavisupleba.ge