ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი
Sokhumi Daily
"ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია" - ჟიული შარტავა
დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, “აიდგილარას” შენობიდან… ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება. იმ დღეს 27 სექტემბერი იყო და სოხუმი დაეცა… ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო…
“წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე” – ომში წასვლის წინ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ.
მოკლე ბიოგრაფია
ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
მოგონებები
“მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული – ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა ალყაში ექცეოდა, ალყაში ხვდებოდა მთავრობის სასახლე. მაშინ მე გითხარი:
სასწრაფოდ გამოდით!.. რაღაც ძალებიც გადმოგისროლეთ… მაგრამ, შენ არ გამოხვედი მთავრობის სასახლიდან მანამ, სანამ ყველა თანამშრომელმა არ დატოვა შენობა. მე მახსოვს, როგორ დაეცა მსოფლიოში სახელგანთქმული ლეგენდარული ალიენდე – სწორედ ისე, როგორც შენ. შენ საქართველოს ალიენდე ხარ და ასეთად დარჩები ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენს გულსა და მეხსიერებაში…” იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე დემიკო ლოლაძის წიგნში – „ჟიული შარტავა, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა: „ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი – ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა:
ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია – გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია.” ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში”.
ისტორია
ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა.
რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.” – თქვა ჟიული შარტავამ და ბოლომდე, გმირულად იდგა თავისი ქვეყნის სადარაჯოზე.
მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.
პოსტზე იმუშავა - მარიამ თოფურიამ / მომო
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##ჟიული
##შარტავა
##გმირი
##აფხაზეთისომისგმირი
##აფხაზეთისომი
##27
##27სექტემბერი
##გვახსოვს
##აფხაზეთისაქართველოა