გიორგი ვოლსკი-არ შეიძლება უღალატო ადამიანებს, რომლებიც მიდიან ხმის მისაცემად
Tbilisi Daily
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, მან მხარი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას დაუჭირა. ხმის მიცემის პარალელურად, მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს ოპოზიციის ბოიკოტის პროცესიც შეაფასა და მას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა უწოდა.
"მხარი დავუჭირე, რასაკვირველია, სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანას სტრესი არ ჰქონდეს მუდმივად, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია განიცდის. მთელი ოპოზიციის ეს გუნდი, რომელიც შემოკრებილია "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ორიენტირებულია იმაზე, როგორმე შექმნას გაცილებით რთული სიტუაცია, რომელიც ისედაც ჩვენს ქვეყანას და არამარტო ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს ახასიათებს. არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის, არ შეიძლება უღალატო ადამიანებს, რომლებიც მიდიან ხმის მისაცემად," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დიდუბე-ჩუღურეთში საარჩევნო ოლქში, ამ დროისთვის, არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არც ერთი საჩივარი საარჩევნო უბანზე დაწერილი არ არის.