ვისთვის არ არის პირბადის გამოყენება აუცილებელი

Tbilisi Daily

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციებიდან, ერთ-ერთი პირბადის დახურულ და უკვე ღის სივრცეებში ტარებაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება №368 ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როცა პირბადის გამოყენება არ მოეთხოვებათ: თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას. ასევე, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს, მატარებლის მემანქანეს და პირს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „გამონაკლისი შემთხვევები – პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება: ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან; ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს); გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს; დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით; ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას; ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია; საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას. საყურადღებოა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).“ – განმარტავენ უწყებაში. სხვა ყველა შემთხვევაში თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას რეგულაციები – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ჰიგიენა.