მშრალი ხველა გრიპზე ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს
Tbilisi Daily
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, იმ პაციენტებისთვის ვისც COVID19-ის დამარცხების შემდეგ მშრალი ხველა აქვთ, ეს გრიპზე ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
„გრიპის სეზონი დაიწყო და კოვიდ გადატანილი პაციენტები გარკვეულწილად არიან რისკჯგუფში და გრიპზე აუცილებლად უნდა აიცრან“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
მისი თქმით, გრიპის აცრის გადავადების ერთადერთი მიზეზია მაღალი ტემპერატურა. „კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების გამომუშავებას ორი კვირა სჭირდება და შესაბამისად გრიპის სეზონს მომზადებული რომ შეხვდეთ უნდა აიცრათ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში გრიპზე აცრისგან ბევრი ადამიანი იკავებს თავს. „ზოგი ამბობს, რომ იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი ან ინფექცია გადაიტანა. „ეს ყველაფერი აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, არამედ გრიპის რისკის შესამცირებლად დამატებითი არგუმენტია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.