69 წლისა გარდაიცვალა რუსი სასულიერო პირი, პროტოიერეი, დმიტრი სმირნოვი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვში 69 წლისა გარდაიცვალა რუსი სასულიერო პირი, პროტოიერეი დმიტრი სმირნოვი, რომელიც თავისი სადავო განცხადებებით იყო ცნობილი.
დმიტრი სმირნოვის გარდაცვალების ცნობა გაავრცელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს-მდივანმა, ვასილი რულინსკიმ. სიკვდილის მიზეზი მას არ დაუსახელებია.
პროტოიერეი დმიტრი სმირნოვი საკუთარ აზრს გამოხატავდა სხვადასხვა საკითხზე.
მან მხარი დაუჭირა ბირთვული იარაღის კურთხევას და მას უწოდა „რუსი ერის, მისი კულტურის და ტაძრების“ გადარჩენა.
ის მორწმუნეებს მოუწოდებდა, ეკლესიისთვის შეეწირათ მთელი ხელფასი, ხოლო ეულ რუს ქალებს - ქმრები ეძებნათ აფრიკაში.
სმირნოვი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოჯახის საკითხების, დედების და ბავშვების დაცვის კომისიის საპატიო თავმჯდომარე. მისი განცხადებების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, ის აგვისტოში საპატრიარქოს კომისიის თავმჯდომარის პოსტს ჩამოაშორეს და საპატიო ხელმძღვანელად დატოვეს.
თებერვალში სმირნოვმა ქალებს, რომლებიც სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობენ, „უფასო მეძავები“ უწოდა.
ის მაისში მოათავეს საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექციით. მანამდე ერთი კვირით ადრე, მან კოვიდ-19-ს „ერთობ სასარგებლო მოვლენა“ უწოდა.
რუსეთის სოციალურ ქსელებში იხსენებენ დმიტრი სმირნოვს და აღნიშნავენ, რომ ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო და მის აზრს ბევრი ითვალისწინებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30904837.html
#ახალი_ამბები
#twitter