სტივენ გუხტი: ნებისმიერ ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, მილიონიდან ერთ შემთხვევაში
Tbilisi Daily
ბელგიაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეების მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მონიტორინგი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
ბელგია ვაქცინაციისთვის ემზადება და მოსახლეობას მომავალი ვაქცინის შესახებ ინფორმაციას აწვდის. დღეს კრიზისის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებაში ვაქცინის შესახებ დასმული ყველა კითხვა ლეგიტიმურია და ხელისუფლება ეპიდემიოლოგებთან ერთად მზადაა, მათ სრულყოფილი პასუხი გასცეს.
კრიზისის ცენტრის სპიკერებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინა რეკორდულად მცირე დროში შეიქმნა, მაგრამ საგანგებო გამოყენების მისანიჭებლად შესაბამისი სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასთან კომპრომისზე არ წავა.
კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის გაკეთებას შეიძლება მოჰყვეს ნანემსარი ადგილის გაწითლება, სისუსტე, თავის ტკივილი და ტემპერატურის აწევა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. ეს არის რეაქცია, რაც შეიძლება ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებას მოჰყვეს. არ დაგავიწყდეთ, ეს გვერდითი ეფექტი მაქსიმუმ 2 დღეში გაივლის. ეს ნორმალურია და უფრო მეტიც, მიანიშნებს ვაქცინის მოქმედებაზე“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა სტივენ ვან გუხტმა.
ბელგიაში ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინის გამოყენებას 2021 წლის 5 იანვრიდან გეგმავენ. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მანამდე ევროპული სააგენტო პროცედურებს დაასრულებს და ვაქცინას მწვანე შუქს მისცემს.
ბელგიას ვაქცინის ტრასპორტირების პრობლემა არ აქვს, რადგან ფაიზერი/ბიონტეკის COVID19 - ის წინააღმდეგ ვაქცინა ბელგიის ქალაქ პურსში მზადდება და ფაიზერის პურსის საწარმო ევროპის ჰაბია.
„პურსიდან გაიგზავნა ვაქცინის 249 000 დოზა კანადაში. ერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, გვერდითი მოვლენები გექნებათ, მაგრამ ეს იქნება ნემსის ჩხლეტის ადგილის შეწითლება. ნებისმიერი ვაქცინა ქმნის დისკომფორტს და ეს ახალი არ არის. რაც შეეხება სერიოზულ გართულებებს, 50-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში 6 კვირის განმავლობაში ვლინდება და ამიტომაც ევროპული სააგენტოები კომპანიებს 3 თვის მონაცემებს სთხოვენ.
ექსპერიმენტულმა ვაქცინამ კვლევების დროს აჩვენა, რომ გართულებას ადგილი არ ჰქონია. ასევე შეგახსენებთ, ვაქცინის რეგისტრაციაში გატარებამდე მინიმუმ 3 000 -დან 5000 მოხალისე იღებს ვაქცინას. ფაზიერი/ბიონტეკის შემთხვევაში საუბარია 40 000 ათას მოხალისეზე. მათგან 20 000-მა მიიღო ექსპერიმენტული ვაქცინა და 20 000 მა პლაცებო”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა იევეს ვან ლაეტემ.
მარტამდე მარტო ბელგიის დედაქალაქში 45 ათასი ადამიანის იმუნიზაციას აპირებენ. პრიორიტეტი მიენიჭაბათ ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებ ადამაინებს და მათ მომვლელ სამედიცინო პერსონალს.
„ყველა მედიკამენტს და მათ შორის ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი გვერდითი მოვლენა, რაც კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა. ასეთი შეიძლება გამოვლინდეს 100 000 ადამიანიდან ან მილიონიდან ერთ შემთხვევაში. მე ვსაუბრობ ნემისმიერ ვაქცინაზე და არამხოლოდ COVID19 - ის წინააღმდეგ შექმნილ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე.
გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს იმ ასაკობრივი ჯგუფის აცრის შემთხვევაში, რომელიც კლინიკურ კვლევებში ჩართული არ ყოფილა. ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის უსაფრთხოების გიგანტური სამეთვალყურეო სისტემაა და ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა სტივენ გუხტმა.
ბელგიაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2171 -ით გაიზარდა. აღრიცხულია კოვიდინფიცირების 608 137 შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.