ოკუპირებულ ცხინვალში არასაზეიმო ახალი წელი იქნება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მთავარი საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გააუქმა. გაგლოევის ხელისუფლებამ მიბაძა რუსეთის ფედერაციიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის რეგიონებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"ი იუწყება. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ახალი წლის ღამეს ცენტრალურ მოედანზე ტრადიციულ კონცერტებს არ გამართავს. არ იქნება არც ფეიერვერკი და არც მასობრივი ზეიმი", - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა რადა ძაგოევამ. მისი თქმით, რაც უცვლელი დარჩება, ესაა ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები. 23 დეკემბერს ცხინვალის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ტრადიციული ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება ბავშვებისთვის. ახალ წლამდე თეატრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხეს გაანათებენ. საახალწლო დღეებში კი ცხინვალის თეატრში საბავშვო მიუზიკლის წარმოდგენები გაიმართება. დე ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საახალწლო ღონისძიებების გეგმაში შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. დღეს ოკუპირებული ცხინვალის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის დადგმა დაიწყეს. სამუშაოებს ე.წ. სახელმწიფო საწარმო „ირ-დიზაინი“ ასრულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის რომან კოკოევის განცხადებით, ნაძვის ხის სიმაღლე 16 მეტრი იქნება და მისი მონტაჟი ახალ წლამდე 4-5 დღით ადრე დასრულდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/32178469.html

Source: radiotavisupleba.ge