კიევში გააპროტესტეს დონბასში„ახალი ყოვლისმომცველი ზავის“ პირობები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კიევში, ორშაბათ საღამოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წინ შეიკრიბა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებმაც გააპროტესტეს დონბასში „საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული ახალი შეთანხმების“ პირობები. აქციის ორგანიზატორი იყო „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობა“, რომლის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი შეთანხმება რუსეთს აქცევს კონფლიქტის დამკვირვებლად და აიძულებს უკრაინას წავიდეს მოლაპარაკებაზე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილები სკანდირებდნენ - „რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი არმია - მშვიდობის გარანტი“. იუწყებიან, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე მოითხოვდა, ხალხთან ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლას. „ჩვენ არ მოგცემთ უფლებას განაიარაღოთ ჩვენი არმია და აქციოთ ჩვენი მებრძოლები უძლურ სამიზნეებად. ამიტომ ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი არმია“, - აცხადებდნენ ორგანიზატორები. აქციის მონაწილეები უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. გასულ კვირაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების მიზნით შექმნილი სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ შეთანხმება წუხელ, ადგილობრივი დროით 00:01-ზე შევიდა ძალაში. მანამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ და მხარი დაუჭირეს საზავო შეთანხმებას. მაგრამ დღეს უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ დონბასში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტებმა ორჯერ დაარღვიეს ახალი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30751075.html #ახალი_ამბები #twitter