ალექსანდრა წალენჯიხიდან, რომელმაც დაამტკიცა რომ შეუძლებელი არაფერია
Zugdidi Daily
მთავარი მონდომებაა, შეუძლებელი კი არაფერია.
დღეს კი ისეთ ადამიანს გაიცნობთ, ვისთვისაც გაჩერება, მოდუნება ან დაღლილობა, ალბათ, არ არსებობს. რატომ ვამბობ ამას? - წაიკითხეთ ბოლომდე და აუცილებლად გაიგებთ!
გაიცანით ალექსანდრა ლატარია, სინოლოგი წალენჯიხიდან.
"პროფესიით ორი შვილის დედა, სინოლოგი, მთარგმნელი, ლექტორი, რადიო გადაცემის წამყვანი და წლების წინ მის საქართველოს მონაწილეც კი."
გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი რეალობა ძალიან ბევრი ენის სწავლის საშუალებას გვაძლევს, საინტერესოა თქვენი მხრიდან მაინცდამაინც ჩინური ენის შესწავლა რატომ გახდა პრიორიტეტული.
"ჩინური ენის არჩევა მოხდა სრულიად შემთხვევით, ოჯახთან ერთად ბავშვობაში ვცხოვრობდი აზიის ქვეყნებში , სწორედ იქ გამიჩნდა ინტერესი აზიური ენების მიმართ და საბოლოო ჯამში ჩინურმა ენამ გადაწონა.“
___________________________
ჩინური უდაოდ რთული ენაა, დაწყებული მეტყველებით და დამთავრებული იეროგლიფებით. თუ სწორად ვიცი დიდ ლექსიკონში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება.
___________________________
საინტერესოა, რამდენი იეროგლიფის შესწავლა მოახერხეთ და როგორ გაუმკლავდით ამ უკანასკნელს.
- ჩინური ენა რთულია, ამავდროულად საინტერესო - თავისი დამწერლობით. ყველა იეროგლიფი სრულყოფილად ჩინეთშიც კი რამდენიმე ადამიანმა იცის მხოლოდ. რაოდენობას რაც შეეხება,( ზუსტად ციფრებში არ ვიცი) , ამ წლების მანძილზე, ჩემი მუშაობის სფეციფიკიდან გამომდინარე დიდი რაოდენობით ვისწავლე, მათგან უმეტესობა რომანების და სხვადასხვა პოემების თარგმანის დროს შემომესწავლა.
ცხოვრება ჩინეთში, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნებოდა. როგორი იყო ადაპტაცია და შემდეგ მოგვიყევით იმ უნივერსოტეტზე, სადაც მიიღეთ განათლება.
„ჩინეთში პირველად 2008 წელს წავედი სასწავლებლად, როდესაც მოვიპოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრული დაფინანსება. ერთი წელი ვსწვალობდი გაცვლითი პროგრამით ქალაქ უხანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში , სადაც გავდიოდი ჩინური ენისა და ლიტერატურის ერთ წლიან კურსს. შემდეგ კი მეორედ 2010 წელს მომეცა შანსი, ისევ სრული დაფინანსებით წავსულიყავი ქ.ლანჭოუში სასწავლებლად. პირველ ეტაპზე ორივე ქალაქში ადაპტაცია იყო რთული, უხანში ჩალაგებული ჩემოდნებით ვიყავი მთელი თვე, ყოველ დღე ვფიქრობდი უკან დაბრუნებას, გამიჭირდა ახალ რეალობასთან, ჩინურ სამზარეულოსთან , ჩინეთის კლიმატთან ადაპტირება.“
როგორც ვიცი მონაწილეობას ღებულობდით საერთაშორისო კონფერენციაში - „ნარატივები და ენის სწავლება“, რა მიზანს ისახავდა აღნიშნული კონფერენცია და რამ გადაგაწყვეტინათ მონაწილეობის მიღება?
"საერთაშორისო კონფერენცია „ნარატივები და ენის სწავლება“ თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა. აღნიშნულ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, სინოლოგები და მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას.მოხსენების თემა იყო „ქართული და ჩინური ენის თარგმანის პრობლემა და შედარებითი ანალიზი“. თემა ეხებოდა - ქართული და ჩინური ენის შედარებას, ტოპონიმების და საკუთარი სახელების თარგმანს. კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა, რაც ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი სინოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიცით რომ JAKO FM გადაცემის წამყვანიც იყავი, საინტერესოა, როგორ ახერხებდით ასეთ აქტიურობას, როცა პარალელურად წარმატებული ლექტორი ხართ.
„გადაცემა „აღმოაჩინე ჩინეთი“ და რადიო ჯაკო, ეს არის მნიშვნელოვანი ფურცელი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მრავალფეროვანი, საინტერესო და შთამბეჭდავი დღეებია დაკავშირებული ამ რადიოსთან. რადიოში მუშაობის პერიოდი ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი და ენერგიული პერიოდი, იმ დროს გავიცანი უამრავი ადამიანი და ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი და ახლობელია ჩემთვის. ლექტორობას რაც შეეხება, ეს არის საქმე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, შესაბამისად რადიოს და ლექტორობას მარტივად ვუთავსებდი ერთმანეთს, რადგან ორივე საქმისგან თანაბარ სიამოვნებას ვიღებდი.“
დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება და ფუფუნება იმისა, რომ მო იენის ,,ღვინის ქვეყანა“, ,,დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“ ქართულად წავიკითხოთ.
„ნათარგმნი მაქვს რამდენიმე წიგნი - მო იენის „ღვინის ქვეყანა“ ,ასევე მო იენის „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“, ვარ ძიტი მაძიას პოემების რედაქტორ-სინოლოგი და ქართულ-ჩინური სასაუბროს ავტორი. მათ შორის ყველაზე ახლობელია ჩემთვის „ ღვინის ქვეყანა“, ეს იყო პირველი თარგმანი, რომელზეც ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არა. ეს იყო ბავშვობის ოცნება რომელიც ახდა და წიგნის ფურცლებზე დაეწერა პირველად ჩემი სახელი და გვარი.“
ახალგაზრდები რამდენად ახერხებენ ჩინური ენის შესწავლას, და მაინც, რამდენად მოთხოვნადი ენაა უნივერსიტეტებში?
„დღეს ჩინური ენად ბევრად მოთხოვნადია სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მე პირადად ვასწავლი რამდენიმე კერძო და სახელმიწიფო უნივერსიტეტში. ახალგაზრდებიც უფრო არიან დაინტერესებული ჩინური ენის სწავლით , ვიდრე ეს იყო ჩემი სტუდენტობის პერიოდში“
ახლა როცა წარმატებული ლექტორი და სინოლოგი ხართ, როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს და იმ პერიოდის არაფორმალურ განათლებას?
„ბაკალავრის საფეხური დავამთავრე თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ ოჯერ ვიყავი გაცვლითი პროგრამით ჩინეთში, მაგისტრატურის საფეხური ჯიპაში და დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ყველაზე საინტერესო სტუდენტური წლები იყო ჩინეთში სწავლის პერიოდში, გავიხსენებდი იქაური არაფორმალური განათლების კუთხით - კალიგრაფიის წრეს ღია ცისქვეშ და ტრადიციული ჩინური ცეკვების წრეს.“
არ შემიძლია არ შევეხო წალენჯიხას. მაინტერესებს, თქვენი ცოდნის რაიონში გამოყენების მცდელობა გქონიათ თუ არა და საერთოდ, სინოლოგიის მხრივ წალენჯიხაში გყავთ თუ არა კონკურენტი?
„წალენჯიხა ეს არის ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადგილი და იმედი მაქვს ჩემს რაიონშიც შევძლებ ჩემი ცოდნის გამოყენებას და მომავალი თაობის დახმარებას ამ კუთხით. კონკურენტები, ალბათ, მყავს, რადგან ვიცი რამდენიმე წალენჯიხელიც სწავლობდა ჩინურ ენას და დიდი იმედი მაქვს კოლეგის რანგშიც ვიხილავ მალე.“
სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით.
„სამომავლო გეგმა ეს ისეთი თემაა რომელსაც ალბათ ზუსტად ვერასოდეს დაგეგმავ, თუმცა ჩემს ქვეცნობიერში მაქვს დახაზული რაღაც პატარ-პატარა გეგმები. პირველ ადგილს იკავებს სასწავლო აკადემიის გასხნა და რომელიმე წამყვან მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.“
რას ურჩევთ ახალგაზრდებს, მომავალ სინოლოგებს ან თუნდაც იმ აბიტურიენტებს, ვინც უმაღლეს სასწავლებელში გეგმავს სწავლის გაგრძელებას?
„მონდომება და ძალიან ბერვი შრომა, რაც აუცილებლად მიიყვანს ნიბისმიერ ადამიანს დასახულ მიზნამდე.“
კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდი მადლობას, გამოცდილების გაზიარებისთვის! ჩვენი მხრიდან კი წარმატებულ და ფერებით სავსე დღეებს გისურვებთ!
„თქვენც ასევე, ენერგიულ და პოზიტიურ დღეებს გისურვებთ.“
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ალექსანდრალატარია
#სამეგრელო
#წალენჯიხა
#წარმატება
#სინოლოგია
#ლექტორი
#ჩინურიენა
#zugdididaily