სახლი, რომელიც თბილისის უძველეს ისტორიებს ინახავს
Tbilisi Daily
სოლოლაკისა და კალას მიჯნაზე მდებარე უნიკალური სახლები თბილისის უძველეს ისტორიას ინახავენ. ისინი განსხვავებული და მიმზიდველი არა მარტო არქიქტექტურული სტილით, არამედ მათი ადგილმდებარეობითაცაა.
ისტორიულ რუკაზე კარგად ჩანს, რომ სწორედ ამ ადგილას უერთდება ერთმანეთს ძველი თბილისის შუასაუკუნეებრივი ქუჩათა ქსელი და XIX საუკუნეში რეგულარულად დაგეგმარებული ქალაქის უბნები და ქუჩათა კლაკნილი ქსელი.
როგორც ცნობილია, ქალაქის გალავნის კედელი შალვა დადიანის ქუჩის ხაზის მახლობლად გადიოდა, რის გამოც დღეს იგი ერთგვარ, პირობით საზღვრად გვევლინება, გალავანს გარეთ XIX საუკუნის II ნახევარში გაშენებულ სოლოლაკსა და შუა საუკუნეების თბილისს შორის.
ამ ნაწილში, დასავლეთით, ქალაქის გალავანი უფრო ადრე დაუნგრევიათ, ჩრდილოეთის კედელი, კი მეტ ხანს მდგარა.
სწორედ ამ გალავნის საძირკველზე აუშენებიათ დადიანის N32-ში მდებარე მრგვალაივნიანი სახლი, რომელიც უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც უბანს ძველ თბილისურ იერსახეს უნარჩუნებს.
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თავდაპირველად ერთსართულიან, მაღალ ნახევარსარდაფიან ნაგებობას წარმოადგენდა.
ფასადის სიმრგვალეც, სწორედ გალავნის ბურჯის საძირკველმა განაპირობა. აივნის საყრდენი ბოძები, დახვეული ხეეები, მოხარშული ხისგან დაუმზადებიათ და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი აივანი თბილისში მხოლოდ ერთია.
სახლის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვთ 1830 წელს აუშენებიათ.
ორი საუკუნის განმავლობაში სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა. თავდაპირველად ის ვინმე გენერალ სიმონოვს ეკუთვნოდა. დღეს აქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
ისტორიკოსები მე-19 საუკუნის 30-იანი წლების თბილისს "ანონიმურ თბილისს" უწოდებენ, რადგან ამ პერიოდში აშენებული ნაგებობების არქიტექტორების უმრავლესობა დღემდე უცნობია.
საცხოვრებელი სახლის არქიტექტორი სამწუხაროდ ცნობილი არ არის. სახლის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი იმდროინდელ თბილისში გავრცელებული კლასიცისტური არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელია. მისი მსხვილი ფორმებით დამუშავებული დაჩარხული რიკულები და დორიული სვეტისთავები უნიკალურია. ამ ორნამენტების შესრულება საკმაოდ რთული ყოფილა.
შენობა ქვითა და ქართული აგრით აუშენებიათ. თავის დროზე კრამიტით იყო გადახურული, რომელიც დროთა განმავლობაში თუნუქით შეცვალეს. შენობას პირვანდელი სახე დღემდე აქვს შენარჩუნებული.
უცვლელადაა შემონახული თაღოვანი ფანჯრები და კარები, კედელში ჩაშენებული კარადები, დღემდე მოქმედი ბუხრები.
გადმოცემის თანახმად, ამ აივანზე ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ნარდს ხშირად თამაშობდნენ. ქართველ კლასიკოსებს ამ ადგილას ფოტოებიც გადაუღიათ. სამწუხაროდ, ამ ფოტოებს დღემდე ვერ მოაღწია.
#ძველითბილისი
#სახლები
#არქიტექტურა
#ისტორია
#tbilisidaily