ირანის სასამართლო კიდევ ერთხელ განიხილავს სამი სიკვდილმისჯილი დემონსტრანტის საქმეს  

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ კვლავ განიხილავენ სამი ახალგაზრდა კაცის საქმეს, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 2019 წლის ნოემბრის ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებთან კავშირის გამო. „საქმეს განიხილავს სხვა ტრიბუნალი“, გამოაცხადა სასამართლომ 5 დეკემბერს, დეტალების განმარტების გარეშე. მათი ადვოკატების სიტყვებით, სამ პირი გაასამართლეს 2020 წელს და დამნაშავედ ცნეს  "შეთქმულებისთვის", რომლის მიზანი იყო  „სახელმწიფო უშიშროებისთვის ზიანის მიყენება“ და  „სახელმწიფო საკუთრების განადგურება და მისთვის ცეცხლის გაჩენა, რათა წინ აღდგომოდნენ ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემას“. ივლისში ირანის იურიდიულმა ორგანოებმა საზოგადოებრივი რისხვის და დაგმობის ფონზე შეაჩერეს სამი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა. 20 წლის სამი ახალგაზრდა, ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ თამჯიდი დააკავეს საპროტესტო გამოსვლების დროს, რომლებიც მიმართული იყო ბენზინის გაძვირების წინააღმდეგ და გადაიზარდა პოლიტიკურ დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები ოფიციალური პირების გადადგომას მოითხოვდნენ. უფლებადამცველები თვლიან, რომ სამი პირისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზანი სხვა დემონსტრანტების დაშინება იყო. უფლებადამცავი ორგანიზაციები თვლიან, რომ სულ მცირე, 300 დემონსტრანტი იქნა მოკლული და 7000 დაკავებული საპროტესტო გამოსვლების დროს, რომლებიც ირანის ასამდე ქალაქში გაიმართა. ისინი ირანის ხელისუფლებას გამოსვლების სასტიკად ჩახშობაში სდებენ ბრალს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30985460.html #ახალი_ამბები #twitter