არეულობა და პოლიტიკური კრიზისი სომხეთის რესპუბლიკაში

Interworld

მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით ა.წ. 10 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკა მასობრივმა არეულობებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. შედეგად, ადგილობრივი ოპოზიციის ასობით მხარდამჭერი სამთავრობო შენობებსა და პარლამენტში შეიჭრა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არარატ მირზოიანზე ბრბომ ფიზიკური თავდასხმა განახორციელა და იგი ახლა სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალიზებულია. ზემოხსენებული სამმხრივი შეთანხმების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, ა.წ. 9 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. მოცემული განცხადების ხელმომწერ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის (სხვა სუბიექტებთან ერთად) იყვნენ ძირითადი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“, ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის (და რობერტ ქოჩარიანის) „რესპუბლიკური პარტია“ და სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუთუნი“. დაწყებულ არეულობებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დამდგარი შედეგი წინა ხელისუფლების ღრმად კორუფციული ქმედებების ბრალია. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ შურისძიებისთვის. ჩვენ სათანადოდ ვერ გავუმკლავდით კორუმპირებულ, ოლიგარქ ნაძირლებს, ვინც ეს ქვეყანა გაძარცვა. ვინც მოიპარა ჯარისკაცების საკვები და იარაღი. მე მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში წინ აღვუდგეთ არეულობის ორგანიზატორებს და მასში მონაწილეებს, რომელთა შორის მოიაზრება „დაშნაკცუთუნის“ კორუმპირებული ნაწილი, მძარცველთა „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „აყვავებული სომხეთი და დეზერტირთა პარტია „აირენიქი“, რომლებმაც მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და გაიქცნენ ფრონტის ხაზიდან“, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #mass #political #crisis #Yerevan #interworld