დეკანოიძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებას მიმართა.  „მინდა მივმართო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს ვინც 20 ივნისს იყო, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს მოქალაქეებს, გადააბარონ ძალაუფლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.  დეპუტატი აღნიშნავს, რომ  „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად ყველაფერს გააკეთებს.  „ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის მომავლისთვის ბრძოლა, ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ რაც არ მოგვწონს შევცვალოთ, უნდა შევძლოთ ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სადაც არის ჩანაწერი, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის კურსი არის შეუქცევადი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, არ ასრულებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს უნდა შევცვალოთ. აუცილებლად ეს ყველაფერი შეიცვლება მხოლოდ ორი რამით: პირველი ეს არის თქვენი შეუქცევადი ნება, რომ საქართველოს ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირში და ვერავითარი სხვა გეზი ამას ვერ შეცვლის და მეორე - მე პირადად ერთი ადამიანი, და კიდევ ბევრი ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, რომ ჩვენს შვილებს არასოდეს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა“, - თქვა ხატია დეკანოიძემ. 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით". საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო. რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31910658.html

Source: radiotavisupleba.ge