მინისტრი: სკოლები მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურ სწავლებასაც შესთავაზებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებას განათლების სამინისტრო მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს. მინისტრის თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომელთაც კლასში სწავლების პროცესში ჩართვა არ სურთ. „იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩართვით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორში და ფოთში უკვე ყველა კლასში, ამ სკოლებშიც თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ რომ ბავშვმა გააგრძელოს სასწავლო პროცესი დისტანციურად, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ასეთ მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისთვის წინასწარ დარეგისტრირება მოუწევთ. ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, 1-6 კლასის  მოსწავლეები საკლასო ოთახებში  1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გამონაკლისი იქნება აჭარა. სკოლები სრულად განაახლებენ მუშაობას ფოთსა და გორში. გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე საკოორდინაციო საბჭომ 24 სექტემბერს მიიღო.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30855714.html #ახალი_ამბები #twitter