ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო — ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის დაგვიანებაზე უსვამს კითხვას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული და ახლა ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ვაქცინაციის დაგვიანების გამო ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველა თვალს ადევნებს სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს და  ცნობილია, რომ უკვე ყველა იმ ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა, რომელიც "ოდნავ მაინც იმყოფება პრეტენზიულ ფორმაში, რომ რაღაცას წარმოადგენს". ზილფიმიანი დაინტერესდა, საქართველოში რომელი უწყების  პასიურობამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის პროცესის დაგვიანება.  "თქვენ ბრძანეთ, რომ დრო სჭირდება შერჩევას, შეძენას, მოლაპარაკებები, პლატფორმები... გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის საერთო ყველა ქვეყნისთვის, ყველამ ეს უნდა გაიაროს. [...] მე ამას ვუდგები შემდეგნაირად — ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში არ დაწყებულა [ვაქცინაცია]. ამას ჩვენ მივიჩნევთ დანაშაულებრივ პასიურობად. თქვენგან მინდა მოვისმინო, მაინც რომელმა უწყებამ გამოიჩინა პასიურობა, რადგან დღეს არცერთი ვაქცინა საქართველოს ტერიტორიაზე არ არის", — განაცხადა დეპუტატმა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაგვიანებულ პროცესზე კომენტირებისას თქვა, რომ იმ ევროკავშირის ქვეყნებშიც კი დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.  “არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, -თქვაა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ისაუბრა ვაქცინის მწარმოებლებზეც, რომელთა ნაწილს თავად გაუჩნდა ვაქცინის წარმოებისას პრობლემა და თქვა, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, როცა ისინი წარმოების გაზრდას შეძლებენ, საქართველოს მეტი შანსი ექნება, მიიღოს საჭირო რაოდენობის ვაქცინები და შესაბამისად, შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილი წელსვე აიცრას.  „კოვაქს პლატფორმა“ არ არის შეფერხების მიზეზი, ამის მიზეზი არის თავად „ფაიზერი“, რადგან მას წარმოების კუთხით ჰქონდა შეფერხება, ვერ მოახერხა, დასავლეთის ქვეყნებისთვის და „კოვაქს პლატფორმისთვის“ მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რომელზეც ხელშეკრულებები არის დადებული. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება, პირველი კვარტალი იქნა დასახელებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დიპლომატიური კორპუსი ინტენსიურადაა ჩართული პროცესში ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს განაცხადი გაკეთებული ვაქცინების გარკვეულ მოცულობებზე, თუმცა მათი მხრიდანაც იგივე მიზეზით ვერ ხერხდება ვაქცინების მოწოდება, რადგან ყველა ქვეყანამ შეისყიდა პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინა. ვაქცინის მიღების ვადები არის წლის პირველი კვარტალი, ვიცით, რომ მეორე, მესამე კვარტალი იქნება აქტიური მოწოდებების პერიოდი, რადგან ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ მათ წარმოებაზე პრობლემები არ ექნებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძის თქმით, საქართველოს მოთხოვნა ძირითადად გაგზავნილი აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიცენზირებულ ვაქცინებზე, თუმცა ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ ვაქცინების მოპოვებაზე, რომლებიც აღიარების რიგში დგანან, რათა აღიარების შემდეგ მალევე გაფორმდეს მათთან ხელშეკრულება.      https://www.radiotavisupleba.ge/a/31114209.html #ახალი_ამბები #twitter