პრეზიდენტი ზელენსკი უკმაყოფილოა გენერალური შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისგან მოითხოვა განმარტება ნებართვაზე, რომელიც გადაადგილებისთვის უნდა მიიღონ არმიაში გაწვევის ასაკის პირებმა და რეზერვისტებმა. წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსისგან დეტალურ განმარტებას დღეს ელოდება. უკრაინის პრეზიდენტმა გენერალურ შტაბს მიმართა, მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიიღოს. 5 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ 1992 წელს მიღებული კანონით, საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია წვევამდელების და რეზერვისტების მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება კომისარიატების ნებართვის გარეშე, ამიტომ, გენშტაბმა შეიმუშავა ასეთი ნებართვების გაცემის წესი. მოგვიანებით, გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ნებართვის აღება საჭირო იქნება, თუ პირი მისი საცხოვრებელი ოლქიდან სხვა ოლქში წასვლას აპირებს. გენშტაბის გადაწყვეტილებას უკრაინაში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ, მისი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო კომისარიატებისგან ნებართვის მიღების წესის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატ კირილო ნესტერენკოს განცხადებით, 1992 წელს მიღებული კანონი საბჭოთა მემკვიდრეობაა და 21-ე საუკუნეში აღარ მუშაობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31930938.html

Source: radiotavisupleba.ge