თაკო ჩარკვიანი - პლებისციტი მხოლოდ და მხოლოდ მიბმული უნდა იყოს ახალ არჩევნებთან
Tbilisi Daily
ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა. ის, ვინც სამართლებრივი ჭრილიდან გავიდა, შეუძლებელია, პირობებს გთავაზობდეს, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ.
„ოპოზიციის პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია. ამას მარტივი პასუხი აქვს, ოპოზიცია არის სამართლებრივ ჭრილში. ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა. ის, ვინც სამართლებრივი ჭრილიდან გავიდა, შეუძლებელია, პირობებს გთავაზობდეს. ამაზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ რა არის ის, რასაც „ოცნება“ გვთავაზობს. მაინც მგონია, რომ ზოგიერთი შორს გაიხედავს და ხელისუფლება იმ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული, ვინც ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს. უფრო შორს გაიხედავენ და არ გააღიზიანებენ ხალხს იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი რისხვააა ხალხის რისხვა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, პლებისციტის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მიბმული უნდა იყოს ახალ არჩევნებთან.
„თუ პლებისციტთან აზრი ვინმემ შემოიტანა, კიდევ ვიმეორებ, ეს ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ განუხილავს, როგორც ცალკე პუნქტი. ჩემი აზრით, პლებისციტის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მიბმული უნდა იყოს ახალ არჩევნებთან, თორემ ცალკე რომ განიხილო, პლებისციტის ჩატარების აზრი არ მესმის, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ხალხისთვის იქნება მისაღები.
„ჩვენ ვართ ხალხის ხმის დამცველები, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმას“,-განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ.