დაწყებულია რეგისტრაცია არასრულწლოვანთა 200-ლარიანი დახმარებისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

15 აგვისტოს ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი 17 წლამდე ასაკის პირებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის. განაცხადი უნდა შეავსოს მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა. ელექტრონული პროგრამა მოითხოვს როგორც თავად არასრულწლოვნის, ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მონაცემებს: სახელსა და გვარს, დაბადების თარიღსა და პირად ნომერს. ასევე საჭიროა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერის მითითება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ატვირთვა. ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ: 0-დან 17 წლამდე პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.​ ონლაინრეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა შესაძლებელია მიმართონ, მაგალითად: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებსა თუ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. 0-დან 17 წლამდე ასაკის პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ზიანის შემსუბუქების მიზნით ახსნა. ასევე გამოცხადდა სხვა ინიციატივებიც: 300 ლარი ჩაერიცხებათ იმ თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მანამდე სრულად ვერ წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტები; მოხდება კომუნალურ გადასახადების 4 თვის განმავლობაში დაფარვა და სწავლის ერთი სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ სოციალური მდგომარეობის კუთხით 150 ქულის მქონე სტუდენტებს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30785226.html #ახალი_ამბები #twitter