ხოშტარია ითხოვს მოსამართლეების სანქცირებას, რადგან, მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ბიზნესმენების შემდეგ, ახლა უკვე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეების სანქცირებას სთხოვს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ბიზნესმენების მსგავსად კონკრეტული მოსამართლეები საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან.
"მე წინა ბრიფინგზე წარმოგიდგინეთ ხუთი პატარა ოლიგარქი, რომელზეც არსებულ მასალებს ვაწვდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენის, სასამართლო სისტემის სია - ადამიანების სია, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა მოხვდნენ სანქციების ქვეშ", - თქვა მან.
ხოშტარიამ დაასახელა მოსამართლეები და განმარტა, რატომ ითხოვს მათ სანქცირებას:
მიხეილ ჩინჩალაძე - "წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც შემდეგ პოლიტიკური მსახურებისთვის მოსამართლედ დააწინაურეს. 2012-2013 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილის საყრდენი კლანის შექმნაში. ის არის კლანის რეალური თავი";
ლევან მურუსიძე - "გამოირჩევა მძიმე საქმეებით - წინა ხელისუფლების დროს განიხილა "გირგვლიანის საქმე" და 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად. მას შემდეგ ის არ ერიდება პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების, მიკერძოების გამოხატვას. მას ღიად ეძახიან ლიდერს სისტემაში";
შალვა თადუმაძე - "ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში საქმეების შესაკერად, შემდეგ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ იმისთვის, რომ ჩაიკეტოს მართლმსაჯულების სისტემა";
გიორგი მიქაუტაძე - "უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მანამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა";
ლაშა ჩხიკვაძე - "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც ნაწილობრივ სანქცირებულიც არის - ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა ადამიანი - ეს საქმე არის ამ დრომდე მიმდინარე იმისთვის, რომ იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები";
ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - "ძმები, ოჯახური კლანური ბიზნესი, რომელთა ხელშიც გადიოდა ბევრი პოლიტიკური საქმე. მათ შორის, "კაბელების", "ციანიდის", "რურუას" - ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეები";
ირაკლი შენგელია - "შედარებით ჩრდილში მყოფია, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენია [მიხეილ] ჩინჩალაძის. მას ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში;
სერგო მეთოფიშვილი - " ეს არის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".
"დღეს უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ მთელი დასავლეთი, მათ შორის ჩვენს რეგიონში ებრძვის დიქტატურას, ავტორიტარიზმს და ოლიგარქიას. ჩვენ ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის შიგნით პროტესტი, მშვიდობიანი მაგრამ მტკიცე. მეორე ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოლიგარქიული სისტემის სანქცირების მიღწევა", - თქვა ხოშტარიამ.
მსგავსი ბრიფინგი გამართა 12 ივნისს ხოშტარიამ, სადაც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე და მათ სანქცირებას ითხოვდა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ დროისათვის შეზღუდვები არ მოქმედებს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ 4 მარტიდან იგი ფაქტობრივი სანქციების პირობებში იმყოფება.
"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები", - თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31897382.html
Source: radiotavisupleba.ge