მთიანი ყარაბაღის ომი, დღე მე-6
Interworld
მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების მე-6 დღე დაიწყო. გასული 24 საათის მანძილზე, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოუწოდეს, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მათ უპასუხა, რომ მოწოდებები უადგილოა.
სამივე ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერების განცხადებებში ნათქვამია, რომ აუცილებელია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლება ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეთა დახმარებით.
საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამივე სახელმწიფომ დაკარგა სამშვიდობო ინიციატივების გამოხატვის უფლებამოსილება, რადგან გასული 30 წლის მანძილზე, ისინი არასათანადოდ ეკიდებოდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პრობლემას. აქვე კომენტარის სახით აღნიშნა, რომ მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგ დამყარდება, რაც ტერიტორიას სომხეთის საოკუპაციო ძალები დატოვებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონფლიქტში პრო-თურქი სირიელი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის თაობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული მხარე „შეშფოთებას“ გამოთქვამს სირიიდან და ლიბიიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით დაქირავებული მებრძოლების სავარაუდო გადასროლის გამო.
ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, ფრონტის ხაზის მიმდებარედ ორი ფრანგი და ორი სომეხი ჟურნალისტი დაიჭრა. ფრანგი ჟურნალისტები გამოცემა Le Monde-ს წარმოადგენენ.
ზალპური სარაკეტო სისტემა „გრადის“ ცეცხლის ქვეშ მოჰყვა რეგიონის ერთ-ერთ რაიონული ცენტრი მართუნი, სადაც ასევე ფრანგული გამოცემა France Press-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა.
რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებისა და დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, ორივე მხარე ავრცელებს ცნობებს, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია.
სხვა მხრივ ფრონტის ხაზზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერჯერობით არ არის.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld