ნინო ბურჯანაძე: დეზერტირების ბაზარი, ქარვასლა, ვაჭრობა - ამას დაამსგავსეს პარლამენტი

Tbilisi Daily

ვაჭრობა, ქარვასლა, დეზერტირების ბაზარი - უნდათ, რომ მთელი საქართველო ამად გადააქციონ. გინდათ ქართველებო?! ღმერთმა მოგახმაროთ, მე შევეცდები, რომ თქვენი და ჩემი შვილებისთვის უკეთესი ქვეყნისთვის ვიბრძოლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უმადური ბრძოლაა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარტიების დაფინანსებასთან და რეგისტრაციიდან პარტიების ჩახსნასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტი მოუვიდა და უცხოელები შოკში არიან, თუმცა მათ ვერ ექნებათ ისეთი რიტორიკა, როგორიც ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ. ამასთან, ბურჯანაძის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან და ევროსაბჭოდან მკვეთრად ნეგატიური დასკვნები გაკეთდება. „ძალიან ნიშანდობლივი იყო ბატონი კარლ ჰარცელის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ის იყო ძალიან შეშფოთებული იმ ზეწოლით და წნეხით, მოსყიდვით, რომელიც ხორციელდებოდა ოპოზიციური დეპუტატების მიმართ. ანუ შოკისმომგვრელი ფაქტები თანდათან ამოდის ზედაპირზე. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ პარტიის დაფინანსებასთან და პარტიების რეგისტრაციიდან ჩახნასთან დაკავშირებით და უბრალოდ შოკში ჩავარდნენ უცხოელები და მიხვდნენ, რომ რაღაცაშია საქმე და რაღაც ისე არ არის, როგორც სინამდვილეში მათ ჰგონიათ. შოკური მდგომარეობა გარედან არ ჩანს, რადგან ეს ხომ დიპლომატიური მოლაპარაკებებია, რა თქმა უნდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩემი რიტორიკა არის სხვა და როდესაც ვსაუბრობ როგორც ოპოზიციონერი - ჩემი რიტორიკა არის სხვა. ერთხელ მითხრეს კიდეც, რომ „თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე, რომ იყავით სხვანაირად ლაპარაკობდით და ოპოზიციაში სხვანაირად ლაპარაკობთო. რა თქმა უნდა, რანაირად შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე ლაპარაკობდეს ისე, როგორც ლაპარაკობს ოპოზიციური ლიდერი. ეს კანონპროექტები მიღებული არ იქნება და გარწმუნებთ, რომ ევროსაბჭოდან და ვენეციის კომისიიდან მოვა მკვეთრად ნეგატიური დასკვნები ამასთან დაკავშირებით, ამის ქულებად ჩაწერას შეეცდება ხელისუფლება და იტყვის, რომ „ხომ ხედავთ როგორი დემოკრატიულები ვართ - აგერ ევროპამ გვითხრა და ამიტომ არ მივიღეთ“, - მაგრამ გრძელდება ვაჭრობა. მე რა მაინტერესებს იცით?! საზოგადოებისთვის არ არის შეურაცხმყოფელი ის რაც ახლა ხელისუფლებამ გამოაცხადა?! პირველად პარლამენტის პირველ დღეს, რომ დაგვიცაცხანა კობახიძემ, რომ ვინც დაწერს განცხადებას იმ წუთში მოვუხსნით უფლებამოსილებასო, მერე ამან, რომ არ იმუშავა და მარტო იყვენენ პარლამენტში და მერე გამოვიდნენ და არაო ახლა მოვიცდით და მერე ვნახავთო და ახლა, რომ ამბობენ, რომ ყოველ ექვს თვეში დავუბრუნდებითო. ვაჭრობა, ქარვასლა, დეზერტირების ბაზარი მთელი საქართველო უნდათ, რომ ამად გადააქციონ. გინდათ ქართველებო?! ღმერთმა მოგახმაროთ, მე შევეცდები, რომ თქვენი და ჩემი შვილებისთვის უკეთესი ქვეყნისთვის ვიბრძოლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უმადური ბრძოლაა. მე მინდა ვთხოვო რიგით მოქალაქეებს დეზერტირების ბაზრად იქცა პარლამენტი, მთავრობა, ხელისუფლება და მთელი ქვეყანა და ნუ დავუშვებთ ამას თუ გვაქვს ღირსება და მგონია, რომ გვაქვს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. კობახიძის ინიციატივაა, რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართოს, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია იქნება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივით კობახიძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც პირველი მოსმენით პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.