მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ

Interworld

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, სამშაბათს, 30 ივნისს, ეუთოს “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეთა შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ელმარ მამადიაროვსა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის დიალოგი ვიდეო-კონფერენციის ფორმატით გაიმართება. მანამდე, ორშაბათს, 29 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა (აგრეთვე ვიდეო-კონფერენციის ფორმატში) ეუთოს “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეებთან - ენდრიუ შეფერთან (აშშ), იგორ პოპოვთან (რუსეთი) და სტეფან ვისკონტისთან (საფრანგეთი), აგრეთვე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ანდჟეი კასპშიკთან გამართა საუბარი. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო არსებული მდგომარეობა და საკითხის მშვიდობიანად მოგვარების გზები განიხილეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის მხრიდან განხორციელებული უკანონო საქმიანობებზე - მათ შორის რეგიონში არალეგალური დასახლებების შექმნისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, ეუთოს “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს შორის უშუალო, ხშირი კონტაქტის დამყარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, საქართველოს მეზობელი ორი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ეუთოს “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეთა მონაწილეობით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, 21 აპრილს გამართეს ბოლო შეხვედრა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Azerbaijan #Armenia #Nagorno #Karabakh #region #conflict #south #Caucasus #interworld #ახალიამბები #პოლიტიკა