აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბოლო დებატები გამართეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ბოლო დებატები გამართეს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანდიდატებმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. განსხვავებით სექტემბრის ბოლოს გამართული პირველი დებატებისგან, როცა კანდიდატები ერთმანეთს სიტყვას ხშირად აწყვეტინებდნენ და შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, 22 ოქტომბრის დებატები შედარებით მშვიდი და ნაკლებად ემოციური იყო. დებატების წამყვანის, NBC-ს ჟურნალისტ კრისტენ უელკერის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხისთვის განკუთვნილი ორი წუთის განმავლობაში მიკროფონი ჩართული ჰქონდა მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც შეკითხვას პასუხობდა. დებატების პირველი თემა იყო კორონავირუსის პანდემია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიტუაცია სტაბილური ხდება და რეგიონული მასშტაბის ეპიდაფეთქებები აღარ ფიქსირდება. ტრამპის თქმით, აქვთ ვაქცინა, რომლის შესახებაც უახლოეს კვირებში გამოცხადდება. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ კორონავირუსით თავადაც დაავადდა და გამოჯანმრთელდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსმა შესაძლოა, კიდევ 200 ათასი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს. მისივე თქმით, ტრამპს არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის მკაფიო გეგმა. თავად ჯო ბაიდენის გეგმაა დამცავი ნიღბების მასობრივად გამოყენება და საყოველთაო სწრაფი ტესტირება. პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების თემა იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიც. ერთი დღით ადრე აშშ-ის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი და ირანი შეეცდებიან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევას. ამ საფრთხის კომენტირებისას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არჩევნებში ჩარევა ნებისმიერ ქვეყანას ძვირად დაუჯდება. ბაიდენის შეფასებით, ის რუსეთისთვის არამომგებიანი პრეზიდენტი იქნება, ამიტომ მოსკოვი უპირატესობას ანიჭებს ტრამპის პრეზიდენტობას. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს მისი დამარცხება სურს, რადგან მასსავით მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არავის ჰქონია. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციები და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. დებატებისას დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი დაადანაშაულა იმაში, რომ ისარგებლა მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მიერ უკრაინაში წარმოებული არაკეთილსინდისიერი ფინანსური ოპერაციების შედეგებით. ეს ბაიდენმა უარყო და ტრამპს ბრალი დასდო რუსეთისა და ჩინეთისგან ფულის მიღებაში. დონალდ ტამპმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობისას რუსეთისგან ფულს ბაიდენი იღებდა. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30908247.html #ახალი_ამბები #twitter