მიმართვა მთავრობას - მოვაჭრეებს გადასარჩენად დახმარება სჭირდებათ
Tbilisi Daily
აჭარაში მოვაჭრეთა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. რეგიონის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ მაისის დასაწყისში წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მეთექვსმეტე პუნქტი ითვალისწინებდა ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეების გათავისუფლებას გადასახადებისგან და ამ თანხის სუბსიდირებას ბიუჯეტიდან. ენმ-ში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა ბიუჯეტის განხილვისას, რითაც მოვაჭრეები გაკოტრების წინაშე დააყენა.
„შევაგროვეთ მოვაჭრეთა ასობით ხელმოწერა, რითაც ეს ადამიანები ითხოვენ გადასახადისგან გათავისუფლებას. დღეს ამ ხელმოწერებს წარვუდგენთ აჭარის მთავრობას და მოვითხოვთ სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება მოვაჭრეების გადასარჩენად. თითოეული მოვაჭრე იხდის ყოველთვიურად, ზოგიც – ყოველდღიურად ბაზარში დგომის გადასახადს, ამ თანხაზეა საუბარი. მართალია, ის პირები, ვისიცაა სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, მთლიანად ვერ გაათავისუფლებენ მოვაჭრეებს გადასახადებისგან, რადგან მიმდინარე ხარჯები აქვთ, მაგრამ ვითხოვთ ამ გადასახადების დასაფარად გამოიყოს სუბსიდია ბიუჯეტიდან – დღეიდან ახალ წლამდე, რომ მოვაჭრეებს პანდემიის მძიმე ტვირთი შეუმსუბუქდეთ“- ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე.