ლიბანში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია - აფეთქებიდან მთავრობის გადადგომამდე
Interworld
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი უმძლავრესი აფეთქებიდან ერთი კვირის თავზე, ადგილობრივი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბიმ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.
4 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ 6 000-ზე მეტის დაშავება გამოიწვია. მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავა ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი, რომლებიც ქვეყანაში რადიკალური რეფორმების გატარებას მოითხოვენ, არსებული ეკონომიკური კრიზისის, კორუფციისა და დისფუნქციური სახელისუფლებლო მენეჯმენტის აღმოსაფხვრელად.
ქვემოთ წარმოდგენილია მომხდარი აფეთქებიდან მოყოლებული მოვლენათა ეტაპობრივი განვითარება:
4 აგვისტო
ბეირუთის პორტში ხანძარი გაჩნდება, რასაც უმძლავრესი აფეთქება მოჰყვა; შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა; განადგურდა შენობა-ნაგებობები; უსახლკაროდ დარჩა 300 000-მდე ადამიანი; მიყენებულმა ზარალმა რამდენიმე მლრდ-ი შეადგინა.
5 აგვისტო
პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქ ბეირუთში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა შეიარაღებულ ძალებს, მათ ხელში არსებული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელება შეძლებოდათ.
ლიბანის უმაღლესი თავდაცვის საბჭოს მიერ (რომელშიც პრეზიდენტი და ძირითადი უსაფრთხოების სამსახურები ერთიანდებიან) ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოცხადდა.
6 აგვისტო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქში ჩავიდა და ადგილობრივ საზოგადოებას პირობა მისცა ევროკავშირთან, აშშ-სთან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად, ერთობლივი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.
მაკრონი ადგილობრივ ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რადიკალური რეფორმების გატარების გარეშე ქვეყანა შესაძლოა საკვებისა და საწვავის გარეშე დარჩეს.
ლიბანში საპროტესტო გამოსვლები კვლავ განახლდა და აქციის მონაწილეების იყენებენ შეძახილებს: „შურისძიება!“.
ამავდროულად, აფეთქებაში დადანაშაულებული 16 პირის დაკავება მოხდა.
7 აგვისტო
გარდაცვლილთა რიცხვი 157-ს, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობა 5 000 უტოლდება.
პორტში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის თაობაზე საუბრობს იმ გემის კაპიტანი, რომლითაც ამ ტვირთის ადგილზე ჩატანა მოხდა. ბორის პროკოშევის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ძალიან კარგად“ იცოდა ამ ტვირთთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
ევროკავშირი $38 მლნ-ს გამოყოფს ლიბანში მომხდარი ტრაგედიის პირველადი დახმარებისთვის.
8 აგვისტო
პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე აცხადებს და ამატებს, რომ ეს იქნება ერთადერთი გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
ლიბანის ე.წ. ქათაიბ (Kataeb) ქრისტიანული პარტია, რომელიც პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგია, მისი 3 დეპუტატის მხრიდან, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მანდატის დატოვების შესახებ აცხადებს.
მომიტინგეები შეტევებს ახორციელებენ ბეირუთში მდებარე არაერთ სამთავრობო შენობაზე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროზე. საპასუხოდ, სპეციალური ძალები მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. შეტაკებებისას 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და კიდევ 1 პოლიციელი დაიღუპა.
9 აგვისტო
საფრანგეთის ხელისუფლებისა და გაეროს ლიდერობით, ლიბანის მხარდამჭერი ვირტუალური კონფერენცია იმართება, სადაც მხარეები $300 მლნ-ის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ თანხმდებიან.
ე.წ. ინფორმაციის მინისტრი მანალ აბდელ სამადი თანამდებობის დატოვების შესახებ აცხადებს და ამბობს, რომ დიაბის ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოების მოლოდინების გამართლება. იმავე საღამოს გარემოს დაცვის მინისტრი დამიანოს ქათთარის გადადგა.
10 აგვისტო
ირანში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ ბეირუთში მომხდარი აფეთქების პოლიტიზებისგან და ამავდროულად ოფიციალურმა თეირანმა ლიბანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დადებული სანქციების გაუქმება მოითხოვა.
გაეროს სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ლიბანში შესაძლოა პურ-პროდუქტების მნიშვნელოვანი დეფიციტი წარმოიშვას, რადგან ბეირუთის პორტი იმპორტირებული მარცვლეულის 85%-ს იღებდა.
დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მიშელ აუნი მის მოთხოვნას აკმაყოფილებს და ამავდროულად აცხადებს, რომ ახალი მთავრობის შექმნამდე იგივე დიაბი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Lebanon #port #blast #tragedy #economic #political #crisis #resignation #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა