„გავიგუდეს“ წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აქცია მოუწყვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ეკოლოგიური ჯგუფი „გავიგუდეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს 14 ივლისს, რუსთავში, იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საწარმო „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის საზეიმოდ დაწყებას ესწრებოდნენ. მშენებლობის ადგილის მიმდებარედ მონაწილეებს მდუმარე აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები: „საშიში ზონა“, „ფრთხილად! ცუდი ჰაერია“, „ეკოლოგია უალტერნატივოა“.
აქცია ექსცესების გარეშე ჩატარდა, „გავიგუდეს“ მეორე დღეა რუსთავში, უბან-უბან დიდი ზომის ბანერი დააქვს და მოსახლეობას 18 ივლისისთვის მერიის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.
ეკოაქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აპროტესტებენ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანას, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დაგვპირდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა კანონპროექტს პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე გაიტანდნენ, - თქვა მან, - ჩვენ პრემიერთან ცოტა ხნით შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ დრო ვერ გამონახა“.
დღესვე, „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „უნდა დავიცვათ ბალანსი ინვესტორების ინტერესებსა და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას შორის“.
მისივე თქმით, გარემოს დაბინძურებისთვის კანონი გამკაცრებულია, მიმდინარეობს საწარმოთა მუდმივი მონიტორინგი, მინისტრის თქმით, ის ინვესტიციებსა და ეკოლოგიაზე ბიზნესმენებს 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზეც ესაუბრა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30726014.html
#ახალი_ამბები
#twitter