აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
Sokhumi Daily
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
"მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი. ჩემი ინფიცირება უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა." - განაცხადა ბაკარაძემ.
მისივე თქმით, ის ამ დროისთვის იზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ასრულებს მის რეკომენდაციებსა და მითითებებს. "ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას სტაციონარიზაციის საკითხი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბოლომდე ვმართო ინფექცია ისე, რომ კლინიკაში გადაყვანა არ გახდეს საჭირო, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისთვისაც ეს აუცილებელია."
ქეთევან ბაკარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს ჰიგიენის წესების, რეგულაციებისა და დისტანციის დაცვისკენაც მიუთითა. "ვფიქრობ, ახლა მეტი წილი პასუხისმგებლობა ჩვენზეა, თითოეულ მოქალაქეზე, რომ ერთის მხრივ, დისტანიის და ჰიგიენის წესების დაცვით, პირბადის ტარებით კორონავირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი და მეორე მხრივ, თუ დაგვიდასტურდება, პანიკის გარეშე შეხვდეთ და მსუბუქი ფორმის დროს, არ მოვითხოვოთ დაჟინებით სტაციონარში გადაყვანა, რადგან რესურსი ამოუწურავი არ არის და ჩვენი ხელშეწყობის გარეშე, ვერც სახელმწიფო და ვერც სამედიცინო პერსონალი ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვეღარ გაუმკლავდება." - წერს ჯანდაცვის მინისტრი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა