"მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ"- ფილფანის ოჯახმა მოზარდის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

Pirveliradio Ge

18 ივლისს გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის მპოვნელისთვის 50 000-ლარიან ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ფილფანის ოჯახმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს - ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელის, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალურობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს", - ამბობს ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი.