ჭიათურაში სამართალდამცველებმა უკანონოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს

Kutaisi Daily

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში 1978 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა, ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი: კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის და "აკმ"-ის ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, "გეკოს" ფირმის თოფი, "ტულას" ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი - ე.წ. ფითილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. #შსს #ჭიათურა #ცივიიარაღი #KUTAISIDAILY