ლუკაშენკამ ატომური ელექტროსადგური გახსნა და დაიქადნა, რომ ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო გახდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ალექსანდრ ლუკაშენკამ ოფიციალურად გახსნა პირველი და ერთადერთი ატომური ელექტროსადგური თავის ქვეყანაში და დაიქადნა, რომ აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყანა „ბირთვული სახელმწიფო გახდება“. „ასტრავეცის ბირთვული სადგური ახალი ნაბიჯია მომავალისკენ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, თქვა მან 7 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით. ქალაქ ასტრავეცთან მდებარე ელექტროსადგური რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, როსატომის მიერ იქნა აგებული და დაფინანსებული მოსკოვისგან მიღებული 10 მილირდი დოლარის ოდენობით კრედიტით. დასავლეთში, ჰროდნას რეგიონში, ბირთვული სადგურის აშენებას წინ აღუდგა მეზობელი ლიტვა, რომლის დედაქალაქი, ვილნიუსი იქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.    ბელარუსმა ელექტროსადგური ამ კვირის დასაწყისში აამოქმედა, რასაც მოჰყვა ლიტვის მიერ მეზობლისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შეჩერება. ელექტროსადგურის გახსნა მოხდა იმ დროს, როცა ბელარუსში 9 აგვიტოს სადავო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები, ისევე როგორც დასავლეთი, შედეგებს არ აღიარებენ. დემონსტრანტები მოითხოვენ ლუკაშენკას გადადგომას, რასაც მთავრობა დაპატიმრებით და რეპრესიებით უპასუხებს. ლუკაშენკა, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ბრალდებებს, რომ არჩევნები გაყალბდა, უარყოფს და ოპოზიციის მოწოდებას, გადადგეს, უგულებელყოფს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30935291.html #ახალი_ამბები #twitter