ლიბიის საკითხზე ეგვიპტე არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს
Interworld
ლიბიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ეგვიპტის ხელისუფლება არაერთი არაბულ სახელმწიფოსგან, მათ შორის იორდანიისგან და პალესტინის მთავრობისგან მხარდაჭერის მიღებას ელის, რათა თურქეთთან დაპირისპირებას წინ აღუდგეს.
საპასუხოდ, მაგალითად იორდანიის მთავრობა დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამე შუქრიმ ბოლო პერიოდში არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის უკანასკნელი პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან, ქალაქ რამალაში.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისრაელის გეგმებზე, რომლის მიხედვით ოფიციალური თელ-ავივი ე.წ. დასავლეთ სანაპიროს (West Bank) ნაწილების ანექსირებას ახორციელებს.
პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შუქრის ვიზიტის დროს, ლიბიის საკითხზე, ეგვიპტესა და თურქეთს შორის წარმოშობილი დაძაბულობაც იქნა განხილული.
ოფიციალური ქაირო ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით არაბული სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ზოგიერთი პალესტინელი ოფიციალური პირი ეწინააღმდეგება ეგვიპტის მხარდაჭერას, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა პროტესტი არ გამოხატა ისრაელის მხრიდან (აშშ-ის დახმარებით) „საუკუნის გარიგების“ განხორციელების გეგმაზე.
მანამდე, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიას ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა როგორც მეფე აბდულასთან, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აიმან საფადისთან, თურქეთის წინააღმდეგ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
შეხვედრის შემდეგ, ქალაქ ამანში გამართულ პრესკონფერენციაზე, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფადიმ აღნიშნა, რომ ლიბიის კონფლიქტში თურქული მხარდაჭერის არსებობა საფრთხეს უქმნის არაბული სამყაროს და კონკრეტულად ეგვიპტის უსაფრთხოებას. შესაბამისად, ოფიციალურ ქაიროს აქვს საპასუხოდ ზომების მიღების უფლება, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Libya #Egypt #Jordan #Palestine #conflict #Arab #world #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა