აშშ უკრაინას გადასცემს სარაკეტო სისტემებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. ბაიდენმა ოფიციალური პოზიცია 31 მაისს, გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა.
ჯო ბაიდენი წერს, რომ აშშ-ის მიზანი მარტივია - მას სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შეუძლია შემდგომი აგრესიისგან თავის დაცვა, ამიტომ გადაწყვიტა, უკრაინელებს გადასცენ უფრო სრულყოფილი სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რაც მისცემთ ბრძოლის ველზე გადამწყვეტი სამიზნეების უფრო ზუსტად დაძლევის საშუალებას. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინას არ მოუწოდებს იერიშებისკენ საზღვრებს გარეთ და ამ გადაწყვეტილებით, ასეთ შესაძლებლობას არ აძლევს. როგორც ჯო ბაიდენი წერს, აშშ-ს არ სურს ომის გაგრძელება იმისთვის, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს.
სააგენტოები Reuters-ი და AFP აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე. ამასთან, როგორც სააგენტო AFP იუწყება, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სისტემას უპირატესობა აქვს რუსულ რეაქტიულ სისტემა Смерч-ზე, რომლის დაფარვის მანძილი 70 კილომეტრამდეა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31877970.html
Source: radiotavisupleba.ge