RSF: კორონავირუსის პირობებში მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა

Headline

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი საფრთხე ექმნება მედიის თავისუფლებას. ისეთი ავტორიტარული რეჟიმები კი, როგორებიც ჩინეთი და ირანი არიან, სულ უფრო მეტ დეტალს მალავენ ვირუსის გავრცელების რეალურ ფაქტებზე. აღნიშნულის შესახებ Reporters Without Borders-ის (RSF) მორიგ ანგარიშში არის ნათქვამი. ორგანიზაციის მოხსენებით, არსებულმა პანდემიამ იმ უამრავი „კრიზისის გამოვლენასა და გაძლიერებას შეუწყო ხელი“, რომელიც პრესის თავისუფლებას ჩრდილს აყენებს. კორონავირუსი ხელს უწყობს ზოგიერთ რეჟიმს, თავისუფლად ისარგებლონ არსებული მოცემულობით და მაქსიმალური შეზღუდვები დააწესონ ისეთი ინფორმაციის უწყვეტ გავრცელებაზე, რომლის აკრძალვაც „ნორმალურ დროში“ მათ გაუჭირდებოდათ. პრესის თავისუფლების შესახებ მოცემული რეიტინგის მიხედვით, 180 სახელმწიფოდან ბოლო ადგილებებზე თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა არიან. სიას სათავეში ნორვეგია უდგას, მეორე ადგილზე კი ფინეთია. კორონავირუსის საბაბით, მედიის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა ჩინეთი 177, ხოლო ირანი 173 ადგილზე მოაქცია. ოფიციალური პეკინის კომუნისტური რეჟიმი მაქსიმალურად ზღუდავს COVID-19-ის თაობაზე რეალური სურათის ჩვენებას მსოფლიოსთვის. რაც შეეხება მეზობელ რუსეთს, ოფიციალური მოსკოვი კვლავ აგრძელებს ინტერნეტის კონტროლს კიდევ უფრო დახვეწილი მეთოდების (სპეციალური კანონმდებლობით) გამოყენებით, რის გამოც იგი 149 ადგილს იკავებს პრესის თავისუფლების ინდექსში. Reporters Without Borders-ში აცხადებენ, რომ მალე თურქმენეთმა შესაძლოა სრულად დახუროს ინტერნეტ-წყაროებზე თავისუფალი წვდომა საკუთარი მოქალაქეებისთვის და მათ მხოლოდ ცენზურა გატარებული ვერსია მიაწოდოს. საინტერესო მდგომარეობაა ევროკავშირის წევრ უნგრეთში, სადაც მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ სპეციალური კანონი მიიღო „ცრუ ინფორმაციის შესახებ“, რომელსაც უკვე უწოდეს არაპროპორციული და იძულებითი ღონისძიება. RSF-ის ანგარიშით, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ე.წ. Strongman ლიდერი, რომელიც სახელისუფლებლო შტოებს შორის ნაკლების სუბორდინაციის პირობებში, ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს, ატარებს ინფორმაციისა და ახალი ამბების შემზღუდავ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში (რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში), კორონავირუსის პირობებში დაწესდა გარრკვეული შეზღუდვები მედიის წარმომადგენლებისთვის „ყალბი ინფორმაციის გავრცელების მოტივით“. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: 2020 World Press Freedom Index: “Entering a decisive decade for journalism, exacerbated by coronavirus” (21.04.2020), www.rsf.org #coronavirus #press #freedom #headline #covid19