კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, რადგან არაა ჩართული პოლიტიკაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისივე პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არაა ოლიგარქი, რადგან არ არის ჩართული პოლიტიკაში და მედიის ცხოვრებაში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა 12 მოთხოვნა, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია. ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად პოლიტიკური თანამდებობა პირველად დატოვა 2013 წელს, თუმცა დაბრუნდა 2018-ში და ისევ წავიდა 2021 წელს. ის კვლავ ფართოდ აღიქმება არაფორმალურ მმართველად.  კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქები ნამდვილად არიან, თუმცა ოპოზიციაში. „[ოლიგარქები] არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე. ეს არის ოთხი გვარი, რომელიც პირველი გვახსენდება. ისინი პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, ვიდრე, მაგალითად, უკრაინულ კანონშია მითითებული“, - თქვა მან და დაამატა: „ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამაინები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება, რადგან ის არ არის ჩართული პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში. ეს არის რეალობა“.  საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით. საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო. რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. https://www.radiotavisupleba.ge/a/31909880.html

Source: radiotavisupleba.ge