რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და რუსული მითები

0
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახლემწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისათვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და არ გახდეს ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღი, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებური გადაატრიალა, რასაც პაატა იმნაძე ასე ეხმაურება. ​„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" ალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის კლოპები, რომლებიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა რეგიონში, ისინი მუტაციას განიცდიან და სხვადასხვა დაავადებები გადააქვთ. მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში შემოდის სპეციალური კლოპები, შემდეგ კი კონკრეტული ადამიანები მას საზღვარზე ავრცელებენ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. როგორ აღმოაჩინეს ეს კლოპები ? ვინ დგას ამ ინფორმაციის შეკრება-გავრცელების მიღმა? იმის შემდეგ რაც ნოყიერი ნიადაგაი გაჩნდა, ახლა ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული დუმა, რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის, სწორედ ამიტომ მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზეა საუბარი ან რა იარაღზე, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადსმოწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.
0