მუშების მდგომარეობა - დაუფასებელი შრომა.

0
უზარმაზარ შენობას, რომელიც შენდება ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, აწერია „ფასი 3200$ კვ.კმ.“ ვერ ვიტყოდი რომ ლამაზი შენობაა, მაგრამ საკმაოდ მყარად დგას და ეტყობა რომ მის აშენებაში ბევრი შრომა ჩაიდო. ყოველ დღე, გამთენიისას, აქ მოდიან მუშები, რომლებიც თბილ საწოლს და იმედიან ოჯახს ტოვებენ სამსახურის გამო, რომელიც მათ არ იცავს, არ აფასებს და ერთჯერადად იყენებს კორპუსის ასაშენებლად, რომლის კვ.კმ 3200 დოლარი ღირს, ხოლო ამ ადამიანების სიცოცხლე, ხანდახან 1 კვირის დაგვიანებით, მხოლოდ 15 ლარი დღეში.

„ვმუშაობ, აბა რა ვქნა, კაცი როარ მუშაობს ის არავის გამოადგება და არავის სჭირდება. დამფასებელი არავინაა, მაგრამ როარ ვიმუშაო ოჯახმა რა ჭამოს.“

ეს სიტყვები, რომელიც საუბრის დროს ერთ-ერთმა მუშამ წარმოთქვა ყურებში ზარივით ჩამესმის. ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც არის თითოეული დამქირავებლის პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ შენობა, რომელიც ისევ იმ ადამიანმა შექმნა, ბევრად უფრო დიდი სარგებლის მომცემი აღმოჩნდა, ამიტომ მისი კვადრატული სამიათას დოლარად ფასდება, ხოლო მუშას სიცოცხლე არაფრად, მორჩენილ გროშებად. მეტიც, ამის გამო სახელმწიფო კომპანიებს სამადლობელ სიგელებს გადასცემს, რადგან ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან.

ხმას რატომ არ იღებთ? რატომ დუმდებით?

- კითხვა რომელიც სულ მაწუხებს, მაგრამ პასუხი იმდენად ერთნაირია, რომ ეს კითხვაც რიტორიკაში გადადის. ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გაიგებს ის ადამიანი, ვისაც არ უგრძვნია რას ნიშნავს უფულობა, როდესაც სახლში მისულს იმედიანი თვალებით გიყურებენ, მოვარდება ჩემი პატარა ბავშვი და მეხუტება, მიყურებს, „მა რა მომიტანე?“ ამ დროს კი ჯიბეში ხანდახან გროშიც არ მიდევს. წამლებია საყიდელი, კომუნალურები, ცხოვრება ძვირდება, ხელფასები მცირდება, აგერ რამდენი შემცირებაში მოყვა. თვალებს ხუჭავს ყველა ამ სამუშაოზე. აგერ რამდენი ტრავმას იღებს, რამდენი კვდება, რამდენი ხელფასამდე ვერ მიდის. ვიტანთ წივილს და წიოკს. თუ რამე გაფუჭდა ჩვენ ვიღებთ ჯარიმებს და ჩვენ ვზარალდებით, თუ რამე კარგად გავაკეთეთ და მენეჯერები იღებენ პრემიებს. ჩვენი შრომა არ ფასდება აქ, განა მე არ ვიცი რა მოგებას ნახულობენ? სხვა გზა არარი, ხოარ მოვკლავ ოჯახს. პროტესტი არის ერთადერთი გრძნობა, რომელიც მსგავსი ისტორიების მოსმენის შემდეგ მიჩნდება. არავითარი საცოდაობა, სინანული თუ სხვა განცდები, რადგან ადამიანი, რომელიც შრომობს არის საზოგადოებრივი კეთილდღეობის შემქმნელი. არ ვიცი ეს პრობლემა როგორ უნდა გადავჭრათ, არც მუშებმა იციან, არც მათი ოჯახის წევრებმა. არც იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მშრომელებს „პრობლემას“ უწოდებენ და ათასი კატეგორიის უტოპისტური თეორიებით თუ შეთხზული სტატისტიკებით აჯერებენ, რომ რეალურად ყველაფერი კარგად და მაქსიმალურად „გადანაწილებულია, “ თუმცა რა პრინციპით არ ვიცი, ალბათ არც თვითონ იციან, მაგრამ ფარდობითობის პრინციპი ასეთია. ქალაქის ცენტრალურ უბანში 1.კვ.კმ ბინის ღირებულება 3, 200 დოლარია, ხოლო ადამიანს - არაფერი.
0