ცვლილება ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” - რეჟიმის სტაბილურობის გარანტი

0
ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” (IRGC) ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ (Hossein Salami) მისი მოადგილე ჰოსეინ ნეჟათი (Hossein Nejat), თეირანში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დანაყოფის - “სარალას” (Sarallah) უფროსად დანიშნა. თეორიულად “სარალა” უშუალოდ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ხელმძღვანელს ექვემდებარება, მაგრამ აღნიშნულ დანაყოფზე ეფექტურ (ოპერატიულ) კონტროლს ახლა მისი მოადგილე განახორციელებს.

რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი?

“სარალა” ირანის დედაქალაქში არსებული უსაფრთხოების უმთავრესი შტაბია, რომელსაც თეირანის და იქ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი სამთავრობო ინსტიტუტების დაცვა ევალება. დანაყოფის საქმიანობის სფერო საზოგადოებრივი არეულობების, “ანტისახელმწიფოებრივი” პროტესტისა და სავარაუდო “გადატრიალების” აღკვეთა-პრევენციას მოიცავს. “სარალა”, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული IRGC-ის 10 რეგიონალური უსაფრთხოების შტაბიდან ყველაზე მნიშვნელოვანია. 3 პროვინციული გარნიზონი - “დიდი თეირანის მოჰამად რასოლალა” (Mohammad Rasolallah in the greater Tehran), “საიედ ოლ-შოჰადა თეირანის პროვინციაში” (Sayed ol-Shohada in the Province of Tehran) და “იმამ ჰასანი ალბორზის პროვინციაში” (Imam Hassan in the Alborz Province), აგრეთვე დანაყოფ “ბასიჯის” ასობით ბაზა, თეირანის 27-ე სამმართველო, ყარაჯის მე-10 სამმართველო, დედაქალაქისა და ალბორზის პროვინციის სრული საპოლიციო ძალები, შესაძლო სამოქალაქო პროტესტისა და საფრთხეების აღმოფხვრის პროცესში, მთლიანად “სარალას” კონტროლქვეშ ექცევიან. მანამდე, ზემოხსენებული შტაბი ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა 2009, 2018 და 2019 წლების მასობრივი დემონსტრაციების ჩახშობის პროცესში, რომელიც დედაქალაქ თეირანსა და მის მიმდებარედ არსებულ სხვა პატარა ქალაქებში გაიმართა. “სარალას” ახალი ხელმძღვანელი ჰოსეინ ნეჟათი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთი ყველაზე “სანდო” ოფიცერია. ნეჟათი მანამდე 10 წლის (2000-2010 წწ.) მანძილზე, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ე.წ. ვალი ამრის (Vali Amr) დანაყოფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ხამენეის პირადი სპეციალური დაცვაა.
ჰოსეინ ნეჟათი, რომლის სრული სახელი მოჰამად ჰოსეინ ზიბაე ნეჟადია, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” 40 წელია მსახურობს. იგი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა IRGC-ის ყოფილ ხელმძღვანელთან მოჰსენ რეზაისთან ერთად სადაზვერვო დანაყოფში. 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, ნეჟათი ოფიციალური თეირანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე პასუხისმგებელ ხათამ ოლ-ანბიას (Khatam ol-Anbia) შტაბს ხელმძღვანელობდა. 2009 წელს, თეირანში იმ დროს მიმდინარე მასობრივი პროტესტის ჩახშობაში, ნეჟათმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, რის შემდეგაც, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან” აფილირებულ ე.წ. მუსლიმ მებრძოლთა ასოციაციის (Muslim Combatants Association), ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. 2016 წელს, ნეჟათი, IRGC-ის დაზვერვის უფროსის ჰოსეინ თაების (Hossein Taeb) მოადგილედ დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2019 წლის გაზაფხულამდე მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სადაზვერვო დანაყოფი უფრო და უფრო ზლეირდებოდა და განსაკუთრებით ახლო კავშირებს ამყარებდა აიათოლა ალი ხამენეის ოფისთან, რითაც თანდათანობით ირანის დაზვერვის სამინისტრო დაჩრდილა. 2019 წელს, IRGC-ის სარდლობის ქსელის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ნეჟათი “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” უფროსის მოადგილედ დაინიშნა კულტურის სფეროს მიმართულებით და დღეს დამატებით უკვე “სარალას” შტაბის მეთაურობა შეითავსა. აიათოლა ალი ხამენეისთან განსაკუთრებით დაახლოებულ ჰოსეინ ნეჟათს მჭიდრო კავშირები აქვს ირანის უზენაესი ლიდერის პოლიტიკურად აქტიურ ვაჟთან - მოჟთაბასთან (Mojtaba), რომელიც ისლამური რესპუბლიკის სულიერი წინამძღოლის შეცვლის უმთავრესი კანდიდატია. ჰოსეინ ნეჟათი “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მეთაურთა იმ ქსელის წევრია, რომლებსაც განსაკუთრებით ახლო კავშირები აქვთ ზემოხსენებულ მოჟთაბა ხამენეისთან. ქსელი ცნობილია, როგორც ე.წ. ჰაბიბ ბატალიონი (Habib Battalion). “ჰაბიბ ბატალიონი” 1980-იან წლებში მიმდინარე ირან-ერაყის დროს საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული და მის შემადგენლობაში თავად მოჟთაბა იბრძოდა. ზემოთ აღნიშნული ქსელი ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო ძალების მკაცრი/აგრესიულ წარმომადგენელთა წრისგან შედგება. მისი ერთ-ერთი წევრი ასევე IRGC-ის სადაზვერვო დანაყოფის ხელმძღვანელი, ძალიან გავლენიანი ჰოსეინ თაებია. ქსელის წევრები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო, უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სტრუქტურებში ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ. სავარაუდოა რომ 2018 და 2019 წლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, აიათოლა ალი ხამენეი შეშფოთებულია და ნეჟათის დანიშვნა “სარალას” მეთაურად სწორედ ამ თემასთან არის კავშირში. ოფიციალური თეირანი შიშობს, რომ მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა სამომავლოდ შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა და არეულობა გამოიწვიოს. დამატებით, ისიც იკვეთება, რომ აიათოლა ალი ხამენეი მისი შემცვლელისთვის ძალაუფლების გადასაცემად წინასწარ მყარ ნიადაგს ამზადებს, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანა ქაოსმა არ მოიცვას, რაც საფრთხეს შეუქმნის ისლამური რესპუბლიკის სტაბილურობას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Iran #IRGC #appointed #new #General #key #base #Sarallah #capital #Tehran #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0