ფულის გაყალბების დიდოსტატები ისტორიაში!

0
ყალბი ფული და მისი დამამზადებლის პროფესია ისეთივე ძველია, როგორიც თვით მონეტა. ძველ საბერძნეთსა და რომში ყალბი ფულის დამზადება ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა და სახელმწიფო ხელისუფლება მის აღსაკვეთად უკიდურეს ზომებს მიმართავდა. დამნაშავეებს ხელს აჭრიდნენ, სიკვდილითაც სჯიდნენ, მაგრამ ამ ბოროტების ამოძირკვა დღემდე ვერ მოხერხდა და ალბათ, ვერც ვერასდროს მოხერხდება... ყალბი ფულის დამზადება და ფულის გაფუჭება ანუ ფალსიფიკაცია, რომელსაც ხშირად თვით სახელმწიფო მიმართავდა, სხვადასხვა რამ არის. გაფუჭება ხდებოდა წონის შემცირებით, ძვირფას ლითონში შედარებით დაბალი ხარისხის ლითონის შერევით, დაბალხარისხიანი ლითონის მონეტის მაღალხარისხიანის კურსით გასაღება და სხვ. მაგალითად, ძველ საბერძნეთში, ათენში ძვ.წ. 401 წელს მოჭრეს სპილენძის მონეტები, რომელიც იძულებით გაუთანაბრეს ვერცხლის მონეტის კურსს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირი და წარმატებული იყო ძველ რომში. საინტერესო მაგალითის მოყვანა შეიძლება საქართველოს ნუმიზმატიკის ისტორიიდან. თამარ მეფემ (1184-1210 წწ.) 1187 წელს მოჭრა სპილენძის მონეტა, რომლის შუბლზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა: “სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონს 407” (=1187 წ.). ამ შემთხვევაში საინტერესოა, რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა სიტყვა ვერცხლი - როგორც ფულის სახელი თუ ლითონის აღმნიშვნელი ტერმინი. სავარაუდოდ, მეორე შესაძლებლობის გამორიცხვა ძალიან ძნელია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ჩვენ გვაქვს სპილენძის ფულის ვერცხლის მონეტების კურსთან იძულებით გათანაბრების კლასიკური მაგალითი. საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზი (1268-1314 წწ.) ისტორიაში ცნობილია, როგორც ყალბი ფულის მომჭრელი. თუმცა აქ იგულისხმება ფულის გაფუჭება, რომელსაც საფრანგეთის მეფე ხშირად მიმართავდა დიდი საომარი ხარჯების დაფარვის მიზნით. ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის (1421-1471 წწ.) ალქიმიკოსმა დაადგინა, რომ თუ სპილენძს ვერცხლისწყლით დაფარავდნენ, იგი ვერცხლის ელფერს მიიღებდა. ამით ისარგებლა ინგლისის მეფემ და ვერცხლისწყლით დაფარული სპილენძის მონეტების მთელი სერია გამოუშვა. თუმცა მონეტების გაფუჭებას სახელმწიფოსთვის სარგებელი არასოდეს არ მოუტანია. პირიქით, იგი საბოლოო ჯამში თვით სახელმწიფო ხაზინასაც აზარალებდა. ნაპოლეონი, გარდა სამხედრო ძალისა, თავის პოლიტიკაში აქტიურად იყენებდა ეკონომიკურ დივერსიებსაც, ყალბი ფულის დამზადების მეშვეობით. მისი ბრძანებით 1806-1809 წლებში დაიწყო პრუსიისა და ავსტრიის ფულის, ხოლო 1810 წელს - ინგლისის საბანკო ბილეთების გამოშვება. შემდეგ ჯერი რუსეთზე მიდგა. ნაპოლეონის მიზანი ნათელი იყო, მას სურდა, მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ეკონომიკა და ფინანსები მოეშალა. ნაპოლეონმა მოჭრა ყალბი რუსული ფული, 1808 წლით დათარიღებული 25 და 50-მანეთიანები. ამ ფულზე Государственной-ს ნაცვლად წერია Госуларственной, ходячей-ს ნაცვლად კი - холячей. სხვა მხრივ, ნაპოლეონის გამოშვებული ამ ფულების სიყალბე შეუმჩნეველია და იგი დედნებზე უკეთესიც კი არის. ნაპოლეონმა ეს ფული რუსეთში დიდი რაოდენობით შეგზავნა. 1812 წლის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის სენატმა ფულის ნიშნები შეცვალა, და აღმოჩნდა, რომ მიმოქცევაში ჩართული 832 მილიონიდან 70 მილიონზე მეტი ყალბი ასიგნაცია იყო. ყალბი ფულის დამამზადებელი მანუფაქტურა თავისი აღჭურვილობით, ნაპოლეონის მთავარი არმიის წინსვლის შესაბამისად გადაადგილდებოდა. იგი მონპარნასიდან ჯერ დრეზდენში, შემდეგ ვარშავაში და ბოლოს მოსკოვშიც კი ჰქონდათ წაღებული... რუსეთის იმპერიაში ყალბი ფული პირველი მსოფლიო ომის დროსაც გავრცელდა.
0