აშშ-ის მიერ სანქცირებული ვენესუელა და ირანი მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ

0
ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ირანული საკვები პროდუქტებით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა 22 ივნისს. აღნიშნული სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო ძირითადი სასაქონლო პროდუქციის მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის. საკვები პროდუქტები ვენესუელას დედაქალაქში (Terrazas del Avila-ზე) გახსნილ პირველ ირანულ სუპერმარკეტში იქნება წარმოდგენილი. კარაკასში წარმოდგენილ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში 20 ივნისს განაცხადეს, რომ განხორციელებული ქმედება არის “მორიგი წარმატება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში”. მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ვენესუელა ღრმა სავალუტო დეფიციტს განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა სახის ყოველდღიური საჭიროებების იმპორტის განხორციელება თითქმის არ შეუძლია. დამატებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაზე, აშშ-ის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, ოფიციალური კარაკასისთვის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა. მანამდე, მაისის თვეში, ირანის ხელისუფლებამ ვენესუელას 1, 5 მლნ. ბარელის ოდენობის (5 ერთეული ტანკერით) ნავთობი მიაწოდა, რამაც, ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ნავთობის უმთავრესი მწარმოებლისთვის ბენზინის დეფიციტის შემსუბუქებას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ოფიციალურმა თეირანმა მადუროს ხელისუფლებას ის ძირითადი ინგრედიენტები მიაწოდა, რომელიც ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების კვლავ ასამუშავებლად და საკუთარი წარმოების ბენზინის შესაქმნელად არის საჭირო. ზოგადად ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვენესუელა შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფებიან. დამატებით, ოფიციალური ვაშინგტონი სხვადასხვა მთავრობას, ცალკეულ საზღვაო პორტებს, სატვირთო გადამზიდავებს და სადაზღვევო კომპანიებს იმ საწინააღმდეგო ზომების შესახებ აფრთხილებს, რომელიც მათ წინააღმდეგ ამოქმედდება, თუ ისინი ზემოხსენებულ ორ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს გადაწყვეტენ. 19 ივნისს მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკმაოდ “რბილი” ტონით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი პრეზიდენტ მადუროსთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს. 22 ივნისს, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით დააზუსტა, რომ ვენესუელას პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეს უკანასკნელი “ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას” გადაწყვეტს. დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრის სურვილი 2018 წელსაც გამოთქვა, რასაც ვენესუელას პრეზიდენტი დაეთანხმა, მაგრამ ორმხრივ სურვილს პრაქტიკული ნაბიჯები არ მოჰყოლია. ამის ნაცვლად შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური კარაკასის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რამაც სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. 2019 წლის იანვარში, აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად ხუან გუაიდო აღიარეს (საქართველომაც გამოუცხადა მხარდაჭერა), მაგრამ ნიკოლას მადურომ მაინც შეძლო ხელისუფლებაზე კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნება. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ვენესუელაზე (მეტწილად ეკონომიკური სანქციებით) ზეწოლას ახორციელებს, მადურომ დღემდე შეძლო რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და კუბის მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნება. ივნისის დასაწყისში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, სადაც ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და სხვა მომიჯნავე სექტორებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერს ხელს. საკითხის სპეციალისტების მოსაზრებით, საკვები პროდუქტების გარდა, სატვირთო ხომალდ GOLSAN-ით სავარაუდოდ იმ ტექნიკის/აღჭურვილობის გადატანა ხორციელდება, რომელიც ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ირანული სუპერმარკეტების ქსელის ასამუშავებლად არის საჭირო. აშშ-ის მაიამიში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Caracas Capital Markets-ის ხელმძღვანელის რას დელენის თქმით, ხომალდს 23 000 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, რაც სრულიად საკმარისია ვენესუელაში ირანული სუპერმარკეტების “სრული ჯაჭვის” შესაქმნელად. ზემოხსენებული ხომალდი ირანის ქალაქ ბანდარ აბასის (Bandar Abbas) პორტ Shahid Rajaee-დან 17 მაისს გამოვიდა და ვენესუელას პორტ La Guaira-ში 22 ივნისს შევიდა. როგორც ცნობილია, ოფიციალური თეირანი ვენესუელაში არსებული საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლად, ყოველთვიურად 2-3 ერთეული სანავთობე ტანკერის გაგზავნას გეგმავს. აშშ-ის მხრიდან არაერთგზის განხორციელებული გაფრთხილების საპასუხოდ, ირანის მთავრობა ოფიციალურ ვაშინგტონს (შევეიცარიის ელჩის შუამავლობით) დაემუქრა, რომ მისი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამხედრო რეაგირებას მოახდენს. უამრავი რიგითი ირანელი, სოციალური ქსელების გამოყენებით პროტესტს და გაბრაზებას გამოხატავს. მათი აზრით, ირანის ხელისუფლება უდიდეს თანხებს ხარჯავს სხვა ისეთი ქვეყნების დასახმარებლად, როგორებიც სირია, ლიბანი და ვენესუელაა, მაშინ როდესაც, თავად ირანული საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ვენესუელას ხელისუფლებამ 2009 წელს, კრემლის გავლენით, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Venezuela #Iran #economy #sanctions #goods #oil #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0