როგორ იხსნა ბათუმი თურქებისგან გენერალმა მაზნიაშვილმა?

0
საქართველოში არ დაიარება ადამიანი, რომელმაც არ იცის გენერალი მაზნიაშვილის შესახებ. სწორედ იმავეს გვეუბნება მისი “მოგონებანის” თავფურცელში რედაქტორისეული წინათქმაც. “ყოფილი გენერალი მაზნიაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა საქართველოში. მას კარგად იცნობენ დღესაც არა მარტო ისინი, რომლებთანაც ერთად იგი ცეცხლითა და მახვილით ამარაგებდა “დემოკრატიულ საქართველოს” საფუძველს - ყველა ჩვენი ჩინი თუ უჩინო გენერლებიც..” დღეს ყოფილ გენერალს ყველაზე ხშირად მოვიხსენიბთ, როგორც დაუმარცხებელ ან პატრიოტ ქართველ ოფიცრად, მაგრამ ვერც ერთი ფრაზა სრულყოფილად ვერ აღწერს ღვაწლს, რომელიც მაზნიაშვილმა საქართველოსთვის გაიღო. “მოგონებანის” შესავალი, ასევე გარკვეულ სურათს გვიხატავს გენერლის საბრძოლო სულისკვეთების შესახებ. აქ ვკითხულობთ, რომ იგი “ავის სიმკაცრით და სიმტკიცით იცავდა “დემოკრატიულ’ საქართველოს. ინგრეოდა და პარტახდებოდა ისედაც დანგრეული და გაღარიბებული კუთხეები.”- ნათქვამია იქ. მაგრამ, მაზნიაშვილის სახით არსებობდა ადამიანი, რომელიც თითქმის შეუძლებელ პირობებში დარაჯობდა ქვეყნის საზღვრებს. მან შეუფასებელი ამაგი გასწია ბათუმისთვისაც და იგი, თავის დროზე, საქართველოსგან მოწყვეტას გადაარჩინა.. იმ პერიოდში საქართველო, ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდომარეობაში იყო. 1921 წლის 17 მარტს, ბათუმში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ამ დღეს თურქული ჯარების მთავარსარდალმა თვითნებურად ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოიცხადა თავი, იგი ბათუმის დათმობას არ აპირებდა და ყველაფერზე იყო წამსვლელი. შედეგად, ორი ქვეყანის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა და სიტუაციაც კონფლიქტამდე მივიდა. კონფლიქტამდე, სადაც ბათუმის საქართველოში შემადგენლობაში დარჩენის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. „მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს, მთელ სამხრეთ საქართველოს, ჩვენს ოზურგეთს! ჩვენს ჯარს და გვარდიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისთვის არ გვყოფნის, პურსაც კი ვერ მოგცემთ... ისევ თქვენი მჭადით, ცულითა და ნაჯახით უნდა დავხდეთ მტერს და ვსძლიოთ, თორემ რომ გვაჯობოს, ხორცით სულამდე გაგვცლის, რჯულს წაგვიბილწავს... ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ...“ - უთქვამს გენერალ მაზნიაშვილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მაშინ, როცა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გემებით საზღვარგარეთ წავიდა და ფაქტობრივად, აღარ შესწევდა საქართველოს ძალა საკუთარი ტერიტორიები დაეცვა, მაზნიაშვილმა ადგილობრივი მოქალაქეებიც შემოიერთა და მთელს საქართველოსთან ერთად იბრძოლა. თავის მოგონებებში მაზნიაშვილი იხსენებს, რომ “ცხადი იყო, ოსმალები თუ გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდეგში ბათუმის უკან დასაბრუნებლად ჩვენ დაგვჭირდებოდა დიდი ომი, რასაც პატარა საქართველო ვეღარ შეძლებდა. მე ვიცოდი, რომ ოსმალეთს კავშირი ჰქონდა რუსეთთან და რუსეთი ვერ ჩაებმებოდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ატეხილ ომში. ყველა ამ ფიქრებმა ელვასავით გამირბინეს თავში. მე გადავსწყვიტე, რადაც უნდა დაგვჯდომოდა საბჭოთა ჯარების მოსვლამდე ოსმალები ბათუმის ოქლიდან უნდა გაგვეყვანა.” ამ მტკიცე გადაწყვეტილებით იბრძოლა ბოლომდე გიორგი მაზნიაშვილმა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, გრიგოლ ლორთქიფანიძესთან ერთად გაუძღვა ქართულ რაზმს. სხვადასხვა ცნობაში ვკითხულობთ, რომ მაზნიაშვილს თურმე ცალკე ოთახი მოუთხოვია. ქაღალდებთან, საწერ-კალამებსა და ცოტა კონიაკთან ერთად, მთელი ღამე თვალმოუხუჭავად უმუშავია ბრძოლის სტრატეგიული გეგმის შესადგენად. მან ქიაზიმ ბეის, ოსმალთა ჯარის სარდალს, ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა ჯარების ბათუმიდან გაყვანა ერთი საათის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, სარდალმა არაფრად ჩააგდო, ამიტომ ქართველი გენერალი საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა. ბრძოლა სასტიკი იყო და სამ დღეს გაგრძელდა. 20 მარტს იგი უკვე დასრულდა. მტერი დამარცხებული იყო. თურქებმა ბათუმი დატოვეს და აჭარა ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” - ამ ძალიან ცნობილ ფარაზსთან ერთად, როგორც ვხედავთ, გენერალმა სხვა, ძალიან მნშვნელოვანი ქმედებებით დაგვამახსოვრა თავი. სამწუხაროდ იგი, 1937 წელს დააპატიმრეს და გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მას 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველომ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
#ისტორია
#ბრძოლა
#თურქეთი
#batumidaily
0