ბერია - ჟანდარმერიის მარშალი

0
ბერიამ თავის ბოლშევიკურ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მას უწოდეს “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი”. ის სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორი და “მარჯვენა ხელი“ გახლდათ, ამას ისიც მოწმობს რომ ის სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშეც შედიოდა. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავთ მის მოღვაწეობას.

მოღვაწეობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში: ამნისტიები და საგარეო დაზვერვის რეფორმა

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის პოსტზე მუშაობა ბერიამ ამნისტიის გამოცხადებით დაიწყო. გათავისუფლდა დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც ეჟოვის პერიოდში შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, როგორც “ხალხის მტრები”. როგორც ჩანს, ეს იყო სტალინისა და ბერიას ერთობლივი ინიციატივა, რადგან სტალინს ესმოდა, რომ ეჟოვმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და ქვეყანაში სამართლიანობას უნდა ეზეიმა. ამის შემდეგ ბერიამ კანონიერების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა. ლავრენტი ბერიამ მოახერხა სსრკ–ის საგარეო დაზვერვის რეორგანიზაცია. სწორედ მისი ძალისხმევით ომის დაწყებამდე შეიქმნა აგენტურული ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. უცხოეთში მომუშავე აგენტების წყალობით, საბჭოთა კავშირი იღებდა ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, აშშ–ის ატომური ბომბის შესახებ. 1945 წელს ბერიას საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე აღნიშნეს მისი დამსახურება დიდი სამამულო ომის წლებში. 1940 წლის 30 ივნისიდან ბერია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო, კურატორობდა საბრძოლო ტექნიკის წარმოებას, აკონტროლებდა ქვანახშირის მრეწველობისა და რკინიგზის სახალხო კომისარიატების მუშაობას. ბერიას ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში შეიქმნა საკომუნიკაციო სისტემები, რომლებმაც საშუალება მისცა სახელმწიფოს, ზურგში გადაეტანათ მნიშვნელოვანი საწარმოები და გადაეყვანათ მუშა-მოსამსახურეები. ბერიას ხელმძღვანელობით დაიგო 3570 კმ სარკინიგზო ხაზი, გაიყვანეს 4200 კმ საავტომობილო გზა, აშენდა 842 აეროდრომი. ზურგში ევაკუაციის შემდეგ ქარხნებმა ძალიან მალე დაიწყეს ტანკების, თვითმფრინავების, საბრძოლო მასალების წარმოება. 1942-44 წლებში საბჭოთა კავშირი ყოველთვიურად აწარმოებდა საშუალოდ 2 ათას ტანკს და თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობას. ყოველწლიურად ამზადებდნენ 450 ათას ტყვიამფრქვევს, მაშინ, როცა გერმანიაში მხოლოდ 250 ათასს ტყვიამფრქვევს ამზადებდნენ. ამას გარდა, ომის წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრ სფეროში გადაუსწრო გერმანიას. 1942 წელს, როცა გერმანელი ფაშისტები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მაგისტრალიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი _ ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა. ომის დასაწყისისთვის გერმანიას, რომლითვისაც მუშაობდა ქედმოხრილი ევროპა, ჰქონდა 43 ათასი ქვემეხი, სსრკ-ს _ 36 ათასი. ერთი წლის შემდეგ სსრკ დაეწია გერმანიას. 1944 წლის იანვარში ჰიტლერს 55 ათასი ქვემეხი ჰქონდა, სსრკ-ს _ 89 ათასი. ამ იარაღის მწარმოებელ სახალხო კომისარიატებს ბერია კურატორობდა. 1943 წლის 30 სექტემბერს იარაღის წარმოებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის ბერიას საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1944 წლის მაისში კი დანიშნეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც განიხილავდა ყველა მთავარ მიმდინარე საკითხს. ამრიგად, 1944 წლის გაზაფხულიდან ბერია ოფიციალურად გახდა მეორე კაცი საბჭოთა კავშირში.

ატომური პროექტი

სსრკ-ში პირველი ექსპერიმენტები ურანზე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩატარდა. ომის პერიოდში დაზვერვამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა აშშ-ისა და ინგლისის ატომური პროექტების შესახებ. ბერიამ ეს ცნობები თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სპეციალური კომისიის სამეცნიერო ხელმძღვანელ იგორ კურჩატოვს გააცნო. შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. 1944 წლის 3 დეკემბერს სტალინმა ხელი მოაწერა განკარგულებას: “დაევალოს ამხ. ლ. ბერიას ურანზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთვალყურეობა”. აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ სსრკ-ში ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა დაჩქარდა. იგორ კურჩატოვმა მოგვიანებით აღიარა: “ბერია რომ არა, ატომური ბომბი არ იქნებოდა!” ბერიას ბრძანებით, ქვეყნის ყველა მეცნიერი ფიზიკოსი დათვალეს, მათმა რაოდენობამ 4212 შეადგინა. ატომური სფეროს სპეციალისტების დეფიციტის გამო სასწრაფოდ დაიწყო კადრების მომზადება. 1945 წელს სსრკ-ის დაზვერვამ მოიპოვა ანგარიში აშშ-ში ატომური ბომბის შექმნის შესახებ. სსრკ-ში ატომური ბომბი შექმნეს და გამოსცადეს 1949 წელს. ორიოდე წლის შემდეგ შეიქმნა წყალბადის ბომბიც.

“ექიმების საქმის”, “მეგრელთა საქმისა” და ანტისემიტური პროცესების შეწყვეტა

სტალინის სიკვდილის შემდეგ სსრკ-ის ხელმძღვანელის პოსტს ბერიას უწინასწარმეტყველებდნენ. მთავრობის ოფიციალური ხელმძღვანელის პოსტი კი გიორგი მალენკოვს ერგო, ბერია მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გახლდათ. მან, ალბათ, გაიხსენა 1930-იან წლებში გამოცხადებული ამნისტიის ეფექტი და დახურა საქმეები, რომლებზეც იმ მომენტში უკვე ბევრი ადამიანი იყო დაპატიმრებული. ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 27 მარტს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა ბრძანებულება ამნისტიის შესახებ. სწორედ ამ ბრძანებულების შედეგად საპყრობილიდან გათავისუფლდა მილიონამდე ადამიანი. აღდგა ბევრი ექიმის შელახული რეპუტაცია, გაუქმდა დაუსახლებელ რაიონებში ებრაელთა დეპორტაციის გეგმა.

საპასპორტო შეზღუდვების გაუქმება

სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 13 მაისის დადგენილების პროექტში, რომელიც ბერიამ მალენკოვს შესთავაზა, აღნიშნული იყო საცხოვრებელი ადგილის საპასპორტო შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ამ შეზღუდვის გამო ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, უფლება არ ჰქონდათ, დაბრუნებულიყვნენ შინ, ეცხოვრათ ოჯახის წევრებთან, დაეწყოთ მუშაობა მნიშვნელოვან პოსტზე. ბერიას მიერ შექმნილი პროექტი განხორციელდა და ე.წ. საპასპორტო შეზღუდვები გაუქმდა სსრკ-ის 300 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

ნაციონალური კადრების დაწინაურება რესპუბლიკების ხელმძღვანელობაში

ბევრ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელმძღვანელ პოსტებს იკავებდნენ “მოსულები” _ ცენტრიდან ჩამოსული ადამიანები. ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონდა. ბერიას ინიციატივით, დაიწყო თითოეული რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ადგილობრივების დაწინაურების კამპანია. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული იყო მრავალი წლის განმავლობაში: რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, მეორე მდივანი _ სსრკ-ის ცენტრალური კომიტეტის მიერ წარგზავნილი.

გდრ–ში რეჟიმის შემსუბუქება

გერმანიის გაყოფის შემდეგ მისი აღმოსავლეთი ნაწილიდან, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ბევრი წავიდა დასავლეთში. მასობრივი ემიგრაციის შეჩერების მიზნით ბერიამ ხელისუფლებას შესთავაზა, გაეუქმებინათ რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, მცირე და საშუალო კერძო კაპიტალის შეზღუდვის შესახებ. ბერიას წინადადება მოიწონა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა (წინააღმდეგი იყო მხოლოდ მალენკოვი) და ამის შემდეგ გდრ-დან ემიგრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

კავკასიის დაცვა

1942 წლის აგვისტოში დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერთა მობილური ჯგუფები, მისცეს ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა.
სტატია ადაპტირებულია ნიკოლოზ აბაშიძისა და ინტერმედიაზე დაყრდნობით.
0