მაია — მესოამერიკული ცივილიზაცია, რომელიც ცნობილია ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნახევარკუნძულის დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
კოლონიზაციის პერიოდი
ორი ცივილიზაციის, ევროპული და ამერიკული (ამ შემთხვევაში მაიას ცივილიზაცია) პირველი შეხვედრა გაიმართა თვით ქრისტეფორე კოლუმბის მონაწილეობით, როდესაც იგი თავისი მეოთხე ცურვის დროს ინდოეთში (კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა ინდოეთი იყო), მისმა ხომალდებმა ჩაუარეს თანამედროვე ჰონდურასის ჩრდილოეთ ნაწილს და კუნძულ გუანაიასთან შემოხვდათ ცალფა ხეში ამოღებული კანოე, სიგანით 1, 5 მ. ეს იყო სავაჭრო ნავი, რომლის მგზავრებმაც ევროპელებს შესთავაზეს სპილენძის ფირფიტები, ქვის ხელცულები, კერამიკული ნაკეთობები, კაკაოს მარცვლები და ბამბის ქსოვილები.
როდესაც ერნან კორტესმა აცტეკების დიდი იმპერია დაიპყრო, მან ერთ-ერთი თავისი რაზმის მეთაური გაგზავნა სამხრეთში, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. 1547 წლისთვის, ესპანელებმა დაასრულეს მაიას ხალხების დაპყრობა, თუმცა ზოგიერთმა ტომმა თავი შეაფარა იუკატანის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის ტყებს და კიდევ 150 წლის განმავლობაში განაგრძობდა ბრძოლას. ესპანელების მიერ შემოტანილი ყვავილის, წითელას და გრიპის ეპიდემიები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობდა, მილიონობით ინდიელს ცელავდა სიკვდილის ცელით. ესპანელები ამავე დროს სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას: ანგრევდნენ ტაძრებს, წმინდა ადგილებს ძარცვავდნენ, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაში იყო შემჩნეული, კათოლიკე მისიონერი ბერები სვამდნენ ძელზე, დუღრავდნენ ცხელი წყლით, სცემდნენ მათრახით.
საზოგადოება
მაიას ცივილიზაციის განვითარება მიმდინარეობდა მკაცრად რეგლამენტირებული, კლასობრივი საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ. მმართველები, რომელთა ჩამომავალობაც, როგორც მაიას ხალხს მიაჩნდა, ღმერთებისგან მომდინარეობდა, ხელმძღვანელობდნენ ადამიანებს, დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დამთავრებული სამხედრო ლაშქრობებით. საზოგადოებრივი პირამიდის უმაღლეს მწვერვალზე იდგა უზენაესი მმართველი, სხვა სამყაროებთან დაკავშირებული, რასაც ხაზი ტანიამოსითაც ესმებოდა მკერდზე მიმაგრებული აუცილებელი სარკით. უზენაეს მმართველს მაიას ხალხები „ხალხის სარკეს“ უწოდებდნენ.
history
#maya