აზერბაიჯანის ხელისუფლება თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) შესაძენად ემზადება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა 22 ივნისს განაცხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ძალისხმევა გრძელდება და კონკრეტული შედეგებიც არის.
ოფიციალური ანკარა ათწლეულებია უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, რომელთა წარმატებული გამოცდა სირიის, ერაყისა და ლიბიის სამხედრო ოპერაციებში განხორციელდა.
დღესდღეობით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვის ზემოხსენებული საბრძოლო ტექნიკის უმთავრესი მიმწოდებელი ისრაელია. ბოლო წლებში, ყველაზე მაღალი ტემპით სწორედ ამ ახლო აღმოსავლურ სახელმწიფოსთან ავითარებს ოფიციალური ბაქო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. აზერბაიჯანში ისრაელის მიერ ლიცენზირებული სამხედრო დრონების ასაწყობი საწარმოც მოქმედებს.
2016 წლის აპრილში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი ე.წ. 4 დღიანი ომის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანულმა მხარემ საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისგან თავი შეიკავა და სომხურ პოზიციებზე იერიშებისთვის ისრაელის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს ფართოდ იყენებდა.
ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, “აპრილის ომიდან” მოყოლებული დღემდე, სომხური მხარის მიერ გამოყენებული საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს “Osa-AK”-ით (9K33 Osa), აზერბაიჯანულმა მხარემ 10 ერთეულზე მეტი სადაზვერვო და მოიერიშე ტიპის დრონი დაკარგა.
რაც შეეხება თურქული წარმოების უპილოტოებს, მათ საკმაოდ ეფექტურობა აჩვენეს სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში, საბჭოთა/რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკის წინააღმდეგ. აღნიშნული დრონები “შესანიშნავად” უმკავდებოდნენ მაგალითად საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს “Buk-M2”-ს.
ორი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების მხრიდან, უპილოტო საფრენ აპარატებზე აქცენტის გაკეთებას გამოეხმაურა გამოცემა Forbes-ის სამხედრო მიმომხილველი დევიდ ჰემბლინგი, რომლის თქმით მხარეები სულ უფრო მეტ, თანამედროვე ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონებს იღებენ შეიარაღებაში.
მისი შეფასებით, უპილოტო საფრენი აპარატები ამ ტიპის კონფლიქტისთვის იდეალურია, იაფი წარმოების და მაღალი სიზუსტის მიზნების მისაღწევის კუთხით.
2016 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, აზერბაიჯანული მხარე აქტიურად იყენებდა ებრაული კომპანია IAI-ს მიერ წარმოებულ, Harop-ის სახელით ცნობილ “თვითმკვლელ-უპილოტოებს”. აღნიშნულმა ტექნიკამ სომხური მხარის საარტილერიო დანადგარებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
მოგვიანებით, ოფიციალურმა ბაქომ კონტრაქტი გააფორმა IAI-ის კონკურენტთან, აგრეთვე ებრაულ კომპანია Aeronautics-თან, “თვითმკვლელ-უპილოტო” Orbiter 1K-ის მიწოდებაზე.
ზემოხსენებულ საკითხს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოჰყვა, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა Orbiter 1K-ის ეფექტურობა მოწინააღმდეგის (სომხეთის) პოზიციების მიმართულებით გამოსცადეს.
შემთხვევის გამო, ისრაელის ხელისუფლებამ კომპანია Aeronautics-ს ორწლიანი აკრძალვა დაუწესა, მაგრამ 2019 წლიდან (აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ), მათ $134 მლნ-ის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს აზერბაიჯანულ მხარესთან.
დამატებით, ოფიციალურმა ბაქომ, ამ კომპანიისგან Orbiter-ის ტიპის უპილოტოების წარმოების ლიცენზიის ასლი მიიღო და ახლა აზერბაიჯანი თავად გეგმავს, ანალოგიური დრონების გამოშვებას Zarba-ს სახელწოდებით.
2019 წელს, აზერბაიჯანმა ისრაელისგან ასევე შეიძინა SkyStriker-ის სახელით ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატები.
ზემოთ აღნიშნული მიმართულებით აქტიურობს სომხეთის რესპუბლიკაც, რომელიც სამხედრო დრონებს 2011 წლიდან აწარმოებს. ამ თემასთან დაკავშირებით, მათ Krunk-ის სახელით ცნობილი სადაზვერვო ტიპის (Krunk-9 და Krunk-11) უპილოტო წარუდგინეს საზოგადოებას.
სამხედრო დრონების შექმნაზე მეტი აქცენტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში კეთდება და სომხური მხარე სწორედ ამ ტერიტორიაზე აწარმოებს და უჩვენებს საზოგადოებას უპილოტო საფრენ აპარატებს.
დამატებით, ოფიციალურმა ერევანმა არაერთხელ განაცხადა აზერბიაჯანის კუთვნილი Orbiter-ის ტიპის დრონის ჩამოგდების თაობაზე.
ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაცია Center for a New American Security-ის მკვლევარის სამუელ ბენდენტის თქმით, შეიარაღებულ კონფლიქტებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
აზერბაიჯანის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის, ესტონეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა უკვე გააჟღერეს ინფორმაცია საკუთარი დრონების წარმოების გეგმებზე.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Azerbaijan #Armenia #military #conflict #UAV #weapon #Nagorno #Karabakh #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა