სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
132 კაციან საკანონმდებლო ორგანოში შეტანილმა ცვლილებათა პროექტმა, პირველ და მეორე მოსმენაზე 89 პარლამენტარის (ყველა მმართველი ბლოკის, “ჩემი ნაბიჯის” წევრია) მხარდაჭერა მიიღო.
კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - “გაბრწყინებულმა სომხეთმა” და “აყვავებულმა სომხეთმა” გამოუცხადა.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა “ჩემი ნაბიჯი”, გასულ კვირას გამოაქვეყნა კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან, 3 მათგანის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
2019 წლიდან მოყოლებული, საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეზე ჰრაირ თოვმასიანზე და კიდევ 6 მოსამართლეზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი მათ ყოფილ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაში და სასამართლო რეფორმების შეფერხებაში ადანაშაულებს.
12 წლიანი ვადა
თოვმასიანი და ოპოზიციურად განწყობილი ფიგურები, ფაშინიანის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს უარყოფენ და საპასუხოდ, მთავრობის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის მცდელობაში ადანაშაულებენ.
შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ზემოხსენებული სასამართლოს ამჟამინდელ და მომავალ მოსამართლეებს 12 წელზე მეტი ვადით დანიშვნა ეკრძალებათ.
ზემოთ აღნიშნული “12 წლიანი ვადა” 2018 წლის აპრილში მიღებულ კონსტიტუციაში უკვე იყო შესული, მაგრამ ის არ ეხებოდათ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ჰქონდათ დაკავებული თანამდებობები და ახორციელებდნენ უფლებამოსილებას.
შესაბამისად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების პროექტი მანამდე გაწერილ პუნქტს შეცვლის, რაც ამჟამინდელ მოსამართლეებს საპენსიო ასაკამდე თანამდებობების შენარჩუნების საშუალებას აღარ მისცემს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიღებული ცვლილება 3 მოსამართლის დაუყონებლივ გათავისუფლებას გამოიწვევს, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული იკავებენ ამ თანამდებობებს. უფლებამოსილება უჩერდებათ ალვინა გიულუმიანს, ფელიქს თოხანიანს და ჰრანტ ნაზარიანს. კიდევ 2 წევრი 2022 წელს დატოვებს თანამდებობას.
სომხეთის კონსტიტუციის 213-ე მუხლში შესატანი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჰრაირ თოვმასიანი დატოვებს, მაგრამ იგი დარჩება, როგორც ამ სასამართლოს 9 წევრიდან ერთ-ერთი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მას შემდეგ აირჩევა, რაც ამავე ინსტიტუტის მოსამართლეობის ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება. მოსამართლეობის პოტენციური კანდიდატები სომხეთის მთავრობისგან, პრეზიდენტისგან და უმაღლესი სასამართლო საბჭოსგან იქნება შეთავაზებული.
დამატებით, მიღებული პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ცვლილებასაც ითვალისწინებს. ინსტიტუტი გადაწყვეტს საკონსტიტუციო ორგანოებს შორის უფლებამოსილების განაწილების დავებს, რაც გახსნის შესაძლებლობას იურიდიულ დონეზე მოგვარდეს პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და უმაღლეს სასამართლოს საბჭოს შორის წარმოშობილი დავები.
22 ივნისს გავრცელებულ მოსაზრებაში, სტრასბურგში არსებულმა “ვენეციის კომისიამ” მეტწილად მხარი დაუჭირა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ნეგატიური პოზიცია გამოხატა იმ საკითხზე, რომ ეს ცვლილებები კონკრეტულ, გარდამავალ პერიოდს არ ითვალისწინებს. “ვენეციის კომისიის” მიდგომით, ცვლილებები თანდათანობით უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის მკვეთრი და ხისტი გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა - სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ და “დაშნაკცუცუნმა” (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) დაგმეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
არსებული მოსაზრებით, ამჟამინდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმების დაჩქარებას იმ მიზნით ცდილობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის “მოულოდნელობები/სიურპრიზები” იქნას თავიდან არიდებული. დამატებით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გავლენის მოპოვებას ცდილობს.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Pashinyan #Constitutional #court #amendments #Parliament #adopts #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა