ქვემო სარალის მცხოვრები საქინა რუსტამოვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. საქინა, ასევე, ქვემო სარალის სათემო ცენტრის დამფუძნებელია.
"სათემო ცენტრის შექმნის მიზეზი ის იყო, რომ სკოლაში მოსწავლეების, სტუდენტებისთვის არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ სკოლის შემდეგ არაფორმალური განათლების მიღებისა და განვითარების საშუალება. მეც გავლილი მაქვს იგივე სირთულეები, კარგად ვიცი, რას ნიშნავს სკოლის პერიოდში თვითგანვითარების შესაძლებლობის არქონა. როცა პირველად მოლაოღლუს სათემო ცენტრს ვესტუმრე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მეც იგივეს შევძლებდი და ჩვენთანაც იქნებოდა მსგავსი ცენტრი.
მიმდინარე წლის თებერვალში სამირა ბაირამოვამ შემომთავაზა, EMC-სთან ერთად პროექტს ვიწყებთ, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების გასააქტიურებლად ტრეინინგებს, პრაქტიკულ სამუშაობს ჩავატრებთ, თუ გსურს, მონაწილეობა შენც მიიღეო.
ძალიან გამიხარდა. 4-თვიანი ტრეინინგების შემდეგ, მონაწილეებს შესთავაზეს, იგივე პროექტის ფარგლებში, სათემო ცენტრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს, ვისაც აქვს სურვილი და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებითო.
თუ ვინმესთვის კარგს ვაკეთებ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ამ შემოთავაზებამ ისე გამახარა, ვერც კი წარმოიდგენთ. სახლში მივედი თუ არა, ეს იდეა ოჯახს გავუზიარე. ოჯახმა მხარი დამიჭირა, შენ უკეთ იციო, მითხრეს. დედაჩემის პირველი კითხვა იყო, ფულს მოგცემენ თუ არაო?
მეორე დღეს სკოლაში წავედი და დირექტორს თანამშრომლობა შევთავაზე. მასაც გაუხარდა და მითხრა, რომ მზად იყო, სკოლაში ოთახი დაეთმო. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო - სკოლაში რემონტი მიმდინარეობდა და იქ ვერ განვაგრძობდით მუშაობას. ამ ამბავმა ცოტათი დამიკარგა მოტივაცია, რადგან სხვა ადგილი არ გვქონდა. მაშინ სახლში ვთქვი ამ პრობლემის შესახებ. ჩემები უკრაინაში ცხოვრობენ, აქ ცოტა ხნით იყვნენ ჩამოსულები. მამამ მითხრა, რომ სახლშიც შემეძლო ცენტრის მოწყობა, მაგრამ როცა ისინი დაბრუნდებოდნენ, სახლი ცარიელი უნდა ყოფილიყო.
ვერ აღგიწერთ, იმ მომენტში როგორი ბედნიერი ვიყავი. მუშაობას შევუდექი. ჩემი ოჯახის, სამირა ბაირამოვას, კამრან მასწავლებლის, არიზ მასწავლებლის დახმარებით, სოციალურ ქსელში გვერდი გავაკეთეთ. მოსწავლეების მშობლებს და მასწავლებლებსაც ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი, მეუბნებოდნენ, ვამაყობთ შენით, შენ ყველაფერს შეძლებო. ეს სიტყვები ძალას მმატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა აზრის ხალხსაც გადავეყარე, ბავშვობიდანვე არასოდეს ვანებებ თავს იმას, რაც სწორედ მიმაჩნია. სულ მალე, სოციალური ქსელიდან გაცნობილი მოხალისეები, აქტივისტები, მოვიდნენ ცენტრში და საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ბავშვებს. მე თვითონ ვასწავლი ქართულს, კვირის დღეებში ვატარებთ გაკვეთილებს. ამ ეტაპზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ყოველდღე მატულობს ჩვენი მოსწავლეების რაოდენობა და მოთხოვნაც. ახლო მომავალში ცენტრის გაფართოებას ვაპირებთ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. ერთი სანთელი მეორის ნათების დროს სინათლეს ნამდვილად არ კარგავს", - ამბობს საქინა.
#სათემოცენტრი
#ქვემოსარალი
#მარნეული
#marneulidaily
წყარო : ფანჯარა
#მეცნიერება
#ახალიამბები