რატომ ჩავედი აფხაზეთში?

1
რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს. 2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიტყვა “აფხაზეთი” ბევრს არაფერს მეუბნებოდა. მასზე ჩემი წარმოდგენა გაჯერებული იყო ქართველების ძალიან შთამბეჭდავი მოგონებებით აფხაზეთზე. სწორედ ამან ამაღებინა მატარებლის ბილეთი ზუგდიდამდე, ბოლო სარკინიგზო სადგურამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იანვარი იყო. ერთი ღამე დამჭირდა ჩასასვლელად, მატარებელში საშინლად ცხელოდა, მაგრამ როგორც გავჩერდით, გარედან შემოსულმა სიცივემ მაშინვე გამომაფხიზლა.  ტაქსის მძღოლების უმეტესობა ცდილობდა პირდაპირ მესტიაში წავეყვანე, ცნობილ სათხილამურო კურორტზე სვანეთში. მაგრამ ჩემი ბოლო გაჩერება პოლიციის ბლოკ-პოსტი იყო, ენგურის ხიდთან ახლოს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, დილის 8 საათი იყო. ორი საათის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავიარეთ და მე და მალაიზიელ ტურისტს ენგურის ხიდის გადაკვეთის ნებართვა მოგვცეს. ხიდზე გადასვლისას შევამჩნიე, რომ საქართველოსა და ევროპის დროშები გზადაგზა მწვანე, წითელი და თეთრი ფერის აფხაზეთის დროშით ნაცვლდებოდა. სანამ აფხაზეთში შევიდოდი, ჯერ რუსული და შემდეგ აფხაზეთის ბლოკ-პოსტი უნდა გამევლო. შეიძლება სხვა გზაც არის, არ ვიცი. არა რუსულენოვანი ტურისტისთვის ძნელი იყო გამერჩია ვინ ვინ იყო. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამთ სხვათაშორის, ალბათ იმიტომ, რომ საერთო ენაზე არ ვლაპარაკობდით. რუსულის არ ცოდნა, მოკლედ, დამეხმარა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი მოლოდინი თურმე. სასაზღვრო პოლიციის ორივე პოსტიდან ნებართვას ველოდებოდი, ველოდებოდი მგზავრებით როდის შეივსებოდა პირველი  “მარშუტკა”რომ  გალში მოვხვედრილიყავი, ველოდებოდი მეორე “მარშუტკას” რომელიც გალიდან გადამიყვანდა და საბოლოოდ სოხუმში ჩამიყვანდა. ქალაქისკენ მიმავალი გზა ნამდვილი საოცრება იყო. წარმოიდგინეთ დიდი სწორი მიწა დათოვლილი კავკასიონის მთების ფონზე და რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი (უმეტესად, ცარიელი) გზაზე. 24 საათის შემდეგ, სოხუმში ჩასვლა დიდი შვება იყო ბოლოს. ზღვის სანაპირო მზის ჩასვლის ფონზე მომაჯადოებელი იყო; მშვიდი და წყნარი. ცოტა ნიავიც უბერავდა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც არ მომშორებია მარტოობის ძლიერი განცდა. რასაც ვუყურებდი და ვისმენდი, ამ გამოცდილებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდიდა. არ ვიცი, შეიძლება ეს სეზონის ბრალი იყო. იანვარში ვიყავი სოხუმში, ეს დრო კი ნამდვილად არ არის იდეალური ზაფხულის კურორტზე სამოგზაუროდ. საოჯახო სასტუმროშიც კი ვერ გავჩერდი, დახურული დამხვდა არასეზონურობის გამო. სხვა გზა არ მქონდა, სოხუმის ცენტრში, შედარებით ძვირადღირებული სასტუმრო ავიღე.  პირველი, რაც შესვლისთანავე შევამჩნიე, კედელზე ჩამოკიდებული საათები იყო. როგორც წესი, სასტუმროში საათები დასავლეთის დიდი ქალაქების დროს გვიჩვენებენ ხოლმე (ლონდონი, მადრიდი, პარიზი ა.შ.), მაგრამ აქ მხოლოდ მოსკოვის, მანაგუასა და კარაკასის დროებს ვხედავდი. თურმე, ეს იმ ქვეყნების დედაქალაქებია, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. მეორე დღეს სოხუმის უფრო სრულფასოვნად დათვალიერება გადავწყვიტე.
პირველად ქალაქის სანაპირო ზოლში გავისეირნე. მოვლილი მომეჩვენა იქაურობა, შენობები ახალი გარემონტებულია, თანამედროვე სტილის ახალი რესტორნებიც შევამჩნიე, ქუჩები სუფთაა, ხეებითა და ნარგავებით სავსეა სანაპირო, მოკლედ, საუკეთესო საზაფხულო კურორტის შთაბეჭდილებას მიტოვებს.  ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე ყავას ვსვამ მარტო და ვხედავ, ხიმინჯებთან კაცები იკრიბებიან სათევზაოდ. მზე ანათებს და თავს შესაშინავად ვგრძნობ, თითქოს ეს-ეს არის დაიწყო გაზაფხული.
მეთევზეებისგან მოშორებით, ცარიელ ნავმისადგომს ვხედავ, რომლის გარშემოც ამაყად ჰკიდია ეროვნული დროშები. მოგვიანებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეუბნება, რომ ეს ნავსადგომი არც არასოდეს გამოუყენებიათ თავისი დანიშნულებით. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში აშენდა, 1992-1993 წლების ომმა კი ეს პროექტი შეაჩერა.  ცარიელი, გამოუყენებელი შენობები თითქოს მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ აფხაზეთი დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფილია. იგივე გრძნობა მქონდა როცა ქალაქის ქუჩებს ვათვალიერებდი, დაცარიელებული სახლები და მიტოვებული აგარაკები ლამაზ და შთამბეჭდავ შენობებს შორის დგას. ეს ურბანული გარემო ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სევდის მომგვრელიც. ბუნების ეს ხედი, მოშიშვლებულ სივრცეებს თითქოს ნელ-ნელა ახლადწარმოქმნილი ტყით ანაცვლებს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მართლაც მომხიბვლელია, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებები ისევ საშინელი სიცარიელის შეგრძნებებს ერევა და პერიოდულად  თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობ. ძალადობრივი გარემოს ექო, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ამ ნანგრევებს ფონად მოჰყვება.
ცოტახანში რამდენიმე უცხოელს შევხვდი არასამთავრობო სექტორიდან, ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც 1992-1993 წლების ომში გაუჩინარდნენ. ადგილობრივებსაც ეხმარებიან ფსიქოლოგიურ ტრამვებს გაუმკლავდნენ. ომის ნარჩენები ყველგანაა, ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ ეს ტრამვაც არსად წასულა, ისევ ზედაპირზეა. ომიც სულ გახსენებს თავს: მთლიანად შავებში შემოსილი, მგლოვიარე ქალი, რომელიც ომში დაკარგულ ბიჭებს მისტირის. აქ სხვა ადამიანებიც სულ ომზე მიგანიშნებენ. ცხადია, თბილისშიც არსებობს ომის მეხსიერება. თუმცა, შეგრძნებები თითქოს უფრო სუსტია. მაგალითად, ქართველები სულ ნოსტალგიით, სევდით ლაპარაკობენ აფხაზეთზე, ძველი მშობლიური სახლები ახსენდებათ სანაპიროზე, ეს განცდები უფრო სინანულს ჰგავს ძველი დიდების დაკარგვის გამო. აფხაზებს კი, ომი უფრო მძაფრად ახსოვთ. მათთვის ეს თითქოს ერთდროულად არის ეროვნული სიამაყის მიზეზიც და ტანჯვისაც მათ შორის. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა მათ ცხოვრებაზე ყოველდღიურად აისახება. აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. აქ დღეს სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს: მათ შორის რუსები, სომხები და ბერძნები. ეს მრავალფეროვნება სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე კარგად იგრძნობა. ქალაქში ეს ჩემი საყვარელი ადგილია.
ქალების ჯგუფი მახსოვს, ზოგი ყიდდა, ზოგი ჭამდა, ზოგიც ყიდულობდა. ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. ძირითადად რუსული ენა მესმოდა. პროდუქტების უმრავლესობა ან ადგილობრივი წარმოებისაა ან თურქული. ბაზარი ხალხით იყო სავსე და ქალაქის ქუჩებიდან გამოყოლილი სიმარტოვის შემდეგ, ნაცნობი გრძნობები განმიახლდა. ალბათ ამიტომაც, სოხუმში ყოფნის ყოველ დილას ბაზარში მივდიოდი და ამ ხალხმრავლობას ვაკვირდებოდი. ჩემი იქ ყოფნაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ტურისტული სეზონიც აღარ იყო, ამიტომ უცხო სახემ მაშინვე მიიქცია ქალაქში ყურადღება. მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვათ, ლექსიკონში ამოწმებდნენ. აინტერესებდათ, საიდან ვიყავი. საფრანგეთი რომ გაიგეს, პარიზი ახსენეს მაშინვე. J’aime Paris! მკითხეს საიდან და რატომ ჩავედი აფხაზეთში, ზუგდიდის გავლით? წარმოშობით ქართველი ხომ არ ვიყავი ან ქმარი ხომ არ მყავდა ქართველი? ვინმეს ხომ არ ვყავდი სპეციალურად გაგზავნილი თუ ჩემი ინიციატივით ავირჩიე აფხაზეთი. ცოტა უჭირდათ იმის წარმოდგენა, რატომ უნდა ჩასულიყავი სოხუმში საკუთარი ნებით. ამ ეჭვების მიუხედავად, მაინც თბილად მხვდებოდნენ, აშკარად უხაროდათ უცხოელის დანახვა, ეტყობა არც ისე ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ.  ერთ დღესაც სასეირნოდ ქალაქიდან მოშორებით წავედი და ცოტა უცნაური საცხოვრებელი კომპლექსი დავინახე. შესასვლელში საბჭოთა პერიოდის მოზაიკა იყო, სხვათაშორის კარგად შენარჩუნებული. შეიძლება ეს სიმბოლო იმ ნოსტალგიას გამოხატავდა, რაც აფხაზებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო წლებთან აკავშირებთ. შენობის გარშემო რუსულმა ბილბორდებმა მიმანიშნა რომ აქ ძველად, სამხედრო სანატორიუმი ყოფილა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს შენობა დღესაც რუსულ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა შენობა მთლიანად ცარიელია.
ფეხით სიარული გავაგრძელე და ხეივანს ბოლომდე ჩავუყევი, ორივე მხრიდან ხის აივნებიანი სახლებით იყო გარშემორტყმული. სულ ბოლოს დიდი ჭიშკარია, რომელსაც დაცარიელებულ სანაპიროზე გაყავხარ. ორი ბავშვი სილაში თამაშობდა,  ყველაფერი ძალიან მშვიდი და ლამაზი ჩანდა აქედან. ეს განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა, ალბათ, წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ზამთარშია, როცა ტურისტები უკვე წასულები არიან. იგივე შეგრძნებები გაგრამდე გამყვა, ისევ “მარშუტკით” ვიმგზავრე. როგორც ჩანს, ეს გადაადგილების ძირითადი საშუალებაა აფხაზეთში.
ზამთარში გაგრა მოჩვნებების ქალაქს ჰგავდა, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მასზე ჩამოსვლამდე მომიყვნენ. მხოლოდ სანაპირო კი არ დამხვდა ცარიელი, ულამაზესი ვილებიც მთის ფერდობზე და ძველი სანატორიუმებიც. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სეზონზე რუსი ტურისტებით გადავსებულია თურმე, დაკეტილია. ამ გარემოში ისევ თავბრუსხვევა დამეწყო. მალევე “მარშუტკაში” ჩავჯექი და ახალი ათონისკენ გავემგზავრე.
აღმოჩნდა, რომ მარტო ვზივარ მძოლთან ერთად. გზაში რადიოა ჩართული და რუსული მუსიკა მესმის, თან ზღვას გავყურებ. შავი ზღვა ძალიან ლამაზია, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. ვხვდები, რომ ამ მოგზაურობაში ემოციები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება: გაოცებასა და აღფრთოვანებას აუცილებლად რაღაცნაური შფოთი და შიში მოჰყვება ხოლმე.
აფხაზეთში ყოფნის ბოლო დღე ოჩამჩირეში გავატარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სრულიად განსხვავებული აფხაზეთი აღმოვაჩინე. 1992-1993 წლების ომამდე, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. დღეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და სევდიანი ქალაქია აფხაზეთის სანაპიროზე. ღამე ჩემი მეგობრის ოჯახში დავრჩი. დიანას დედა ქართველია. მას აფხაზური პასპორტი აქვს.
დიანა 26 წლის არის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. ყველა იმ ენაზე უნდა ელაპარაკოს ხალხს, რომლებსაც ინტერნეტით სწავლობს. ინგლისურის გარდა, მას კომუნიკაცია თურქულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეუძლია.  “ყველაზე მეტად მინდა პასპორტი ავიღო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დავიწყო, ” მეუბნება დიანა. თუმცა, მემგონი ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა მისთვის. დიანა აფხაზების იმ 30%-შია, რომლებმაც რუსული პასპორტების აღება ვერ მოასწრეს. აფხაზური პასპორტით მოგზაურობა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან მის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს.  უცხო ენების პრაქტიკას სამსახურში უცხოელებთან გადის. დიანა ტურისტულ გიდად მუშაობს სოხუმში. გამოწვევების მიუხედავად, მას სჯერა, რომ ერთ დღესაც აფხაზეთი ნამდვილად იქნება ძლიერი და მოგზაურობასაც შეძლებს. “ჩვენ პატარა და ლამაზი ქვეყანა ვართ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ენა და ისტორია შევინარჩუნოთ. მინდა მსოფლიომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ხალხმაც მეტი გაიგოს ჩვენზე და უკეთ გაგვიცნოს.” ამ გოგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სიამაყის განცდა როცა აფხაზეთის მემკვიდრეობაზე მელაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რა გავლენა აქვს იძულებით იზოლაციას ადამიანის ცხოვრებაზე.  მეორე დღეს, სანამ გრძელი გზით ისევ თბილისში დავბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზაურობა აფხაზეთში დასრულებული არ იყო. იანვარში იქ ჩასვლამ იზოლაცია მთელი სიმძაფრით მაგრძნობინა. ეს ალბათ, ჩემს ფოტოებშიც აისახა. როცა მათ ახლოდან ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი უფრო ცარიელი და ნაცრისფერია, ვიდრე ჩემი სხვა ნამუშევრები. მე მაინც ხალხით გადატვირთულ ადგილებში ცხოვრებას ვარ მიჩვეული და ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ახალი იყო ჩემთვის.  ფოტოების გადაღებაც ერთგვარი ფორმაა აფხაზეთის გასაცნობად. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი. აფხაზეთის კულტურის, რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას დრო დასჭირდება. იქ ყოფნის შემდეგ, თითქოს უკეთ გავიგე რას ნიშნავს იზოლაცია და მარტოობა. რამდენიმე კვირაში, ვირუსის პრევენციის მიზნით, მთელი რეგიონი ჩაიკეტა. ორ თვეზე მეტი აფხაზები და ქართველები თვითიზოლაციაში იყვნენ ისევე როგორც, მთელი დანარჩენი მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობას და იზოლაციას სულაც არ განვიცდი, ვიცი, რომ დროებითია და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები დატვირთულ და ხმაურიან დღის რეჟიმს. ალბათ, სულ სხვანაირი განცდაა, როცა არ იცი როდის სრულდება იზოლაცია. დღევანდელი სიტუაცია ემპათიისკენ გვიბიძგებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე გვაფიქრებს, ვისთვისაც იზოლაცია ყოველდღიურობაა. წყარო: CHAI KHANA ავტორი: მარი ოდინეტი
#აფხაზეთი
#სოხუმი
#გაგრა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
1