მკვლევრებმა, 191 ქვეყნის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, სკოლების გახსნას და Covid-19-ის შემთხვევების ზრდას შორის კავშირის დადგენა სცადეს.
მსოფლიოს მასშტაბით, მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ლოქდაუნის შემდეგ მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებასა და ინფექციის ზრდა/კლებას შორის კავშირი არ არსებობს. ამის შესახებ ბრიტანული Telegraph-ი ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც Insights for education-ს ეკუთვნის.
„აუცილებელია მტკიცებულებების შესწავლა, რათა თავიდან ავიცილოთ ცრუ ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სკოლების გახსნა და დახურვა ვირუსის გადაცემაზე. ვივარაუდეთ, რომ სკოლების გახსნა ინფექციების მატებას გამოიწვევდა და სკოლების დახურვა შეამცირებდა გადაცემის რისკებს, მაგრამ რეალობა გაცილებით კომპლექსურია. ახლა მთავარია იმ ქვეყნებისგან ვისწავლოთ, რომლებიც ეფექტურად იხსნებიან ინფექციების ზრდის ფონზე“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი რანდა ზახარი.
„52-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და ესპანეთმა, სინამდვილეში არდადეგების პერიოდში იგრძნეს ინფექციის გავრცელების ზრდა.
ზოგიერთმა, მაგალითად ხორვატიამ და დიდმა ბრიტანეთმა შემთხვევების ზრდა სკოლების გახსნის შემდეგ შეამჩნიეს. თუმცა სხვა კვლევები (იუნესკოს და მსოფლიო ბანკის მონაცემები) ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია სკოლების გახსნამდეც იყო“, - წერს სტატიის ავტორი.
როგორც ანგარიშში ნათქვამი, საერთო ჯამში, სურათი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სკოლებსა და კორონავირუსის გადაცემას შორის კავშირის დადასტურება, შეუძლებელია, „გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები, მათ შორის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, ეკონომიკის გახსნის საკითხი, ტესტირებისა და კვლევის სისტემის სიჯანსაღე. ანალიზი ემყარება იმას, რაზეც მეცნიერები სულ უფრო მეტად ფიქრობენ - რომ ბავშვები, რომლებიც თავდაპირველად კორონავირუსული ინფექციის პოტენციურ გამავრცელებლებად ითვლებოდნენ, ამ როლს არ თამაშობენ.
ამასთან, იზრდება იმის ნიშნები, რომ სკოლის გერეშე ყოფნა, მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე მსოფლიოში. ამის ფონზე, ანგარიში გვიჩვენებს, რომ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც ახლა კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან და მათ შორის ევროპის მრავალი ქვეყანაც არის, არ განიხილავს სრულმასშტაბიან დახურვას და ამის ნაცვლად ფიქრობენ, როგორ გახსნან სკოლები ინფექციის გავრცელების ზრდის მიუხედავად.
განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი ტალღის ეტაპზე არიან, მაგალითად ბრაზილია, სადაც სკოლები ძირითადად დახურულია. ანგარიშის თანახმად, 711 მილიონი ბავშვი შეიძლება, სკოლის მიღმა დარჩეს წლის ბოლომდე - საუბარია უმრავლესობაზე დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, რამაც შესაძლოა არათანაბარი გარემოს შექმნა კიდევ უფრო დააჩქაროს“, - აღნიშნულია სტატიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.