"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს, რომ იმ დღეს, როცა ის და გიგა ბოკერია ქორწინდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მანქანა ათხოვა.
მისი თქმით, კვარიათიდან გრიგოლეთში მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა გაუფუჭდათ, ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილმა დაცვის თანხლებით ჩაიარა და წყვილს დახმარება შესთავაზა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მას იმ დრომდე ბიძინა ივანიშვილი ნანახი არ ჰყავდა და ვერ იცნო. ივანიშვილი ვერც გიგა ბოკერიამ იცნო და შავი სანომრე ნიშნების გამო ჩათვალა, რომ დახმარება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს.
"მე და გიგა რომ ვქორწინდებოდით, მივდიოდით კვარიათიდან გრიგოლეთში, ოჯახებიც იქ იყვნენ, გიგას მამაც იქ იყო. მაშინ ორადგილიანი მანქანა მყავდა, იმ პატარა მანქანაში ვერ ჩავეტეოდით ყველანი და ვითხოვეთ მანქანა, ადგილობრივმა აჭარელმა გვათხოვა. გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გავჩერდით, ზუსტად ციცინათელასთან. ამ დროს ჩაიარა ორმა მანქანამ, შავი, სამხედრო ნომრებით იყვნენ, რომ ჩაიარეს, მერე უკან მობრუნდნენ. ჩაიწია შუშა, ვიღაც გამხდარი კაცი თეთრ კოსტიუმში იქედან რაღაცას გველაპარაკებოდა - ჩემ მანქანას დაგიტოვებთ და დაგეხმარებიანო. ჩავსხედით ამ მანქანაში. აზრზე არა ვართ ვინ არის. უბრალოდ, ვიფიქრეთ, რომ გვიცნო და დაგვეხმარა. ნანახიც არ მყავდა მანამდე და აზრზე არ ვიყავი ვინ იყო. გზაში გიგამ დაურეკა იმ ნაცნობს და უთხრა, მე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შემხვდნენ, მეხმარებიან და მივდივართ, თქვენი მანქანა პროფილაქტიკაშია გადასაყვანი და გასაღები სადღაც დავტოვეთო. უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, ჩვენ თავცდაცვის სამინისტრო არ ვართ, ეს ბიძინა ივანიშვილი იყოო. ეს იყო 2005 წლის აგვისტო" - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემა "რეაქციის" ეთერში.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, გიგა ბოკერია ივანიშვილს მეორედ უკვე 2012 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტის სასახლეში, ხელისუფლების გადაბარებისას შეხვდა.