როცა ბოსტანში ცნობილი ადვოკატია-ჯიტა გულუა

0
ჯიტა გულუა, ზუგდიდელებისთვის და არა მარტო ზუგდიდელებისთვის, ცნობილი ადვოკატია, მაგრამ ამ პატარა წერილში მის საადვოკატო საქმის პროფესიონალიზმზე არ ვისაუბრებთ, -რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ან რატომ უნდა გაგიკვირდეთ, ქალბატონ ჯიტას ერთ-ერთი გატაცება ბოსტანი აღმოჩნდა და ეს „ზუგდიდელებმა“ ფეისბუქზე, მის პირად გვერდზე აღმოაჩინა, სადაც მან ფოტოები დადო საკუთარი ბოსტნიდან ასეთი მინაწერით: „ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება, ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად… მე კი ბოსტანი მეამაყება მოხატული ჩემი ხელებით… ამ ბოსტანში ხარობს ყველაფერი, რაც კი შეიძლება დიასახლისს ჭირდებოდეს. და ეს არ არის კორონას დამსახურება, მთელი ცხოვრება ასეთი ბოსტანი მაქვს. “ქალი პირველ რიგში ვიცი მე კუხნაში, ოჯახში, ბოსტანშიიი… და მერე სხვა დანარჩენი. რაც მთავარია, ჩემი “ფიტნესიც”, ეგაა. გირჩევთ… ყოველი ჩემი დილა იწყება აქედან და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბიო პროდუქტით, აი, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოც გაგიმხილეთ.“ -და რა გინდათ, რომ არ მქონდეს ბოსტანში, ნებისმიერი სახის მწვანილი, დაწყებული ოხრახუშით, ნიახურით, ქინძით, პრასით, კამით, პიტნით, ნივრით, კიტრით, ქონდარიც კი მაქვს… – გვითხრა ქალბატონმა ჯიტამ, როცა დავურეკეთ და ვკითხეთ, მისი პროფესიითა და ცხოვრების რითმით, როგორ ასწრებთ ბოსტნის მოვლასო. თურმე, ადვოკატი, დილით ექვსის ნახევარზე დგება. მზეს ბოსტანში ხვდება, ასუფთავებს ყვავილნარს, ეფერება მცენარეებს, ზოგადად, ეზოს ნარგავებს… -ყოველ დილით ორი საათი ბოსტანში ვმუშაობ და დაღლილი კი არ მივდივარ სამსახურში, პირიქით, ენერგიით სავსე. ქალბატონებს ვურჩევ თვითონაც გააკეთონ ბოსტანი. სუფთა, ნატურალური ბიოპროდუქტი მიიღონ თავადაც და ოჯახის წევრებსაც მიართვან…-გვეუბნება ქალბატონი ჯიტა. -განსაკუთრებული სიმწვანე გაქვთ ეზოში… -“მწვანე ეზოს” ვეძახი ჩემს ეზოს. მარად მწვანე ნარგავები მაქვს, ყვავილნარი, თუმცა უკეთესი ბოსტანი მაქვს ვიდრე ყვავილნარი. -საუცხოო სალათის ფურცლები მოგსვლიათ წელს. ამბობენ, ძალიან სასარგებლოა. რამე განსაკუთრებული ჯიშია? -არა, ჩვეულებრივი სალათის ჯიშია. რომ მომეწონება ხან თესლებს ვიწერ, ხან ნერგებს მჩუქნიან… -ბოსტანში მუშაობისას, სამსახურებრივ საქმეზე თუ ფიქრობთ? -რა თქმა უნდა, პარალელურად საქმეზე ვფიქრობ. რამდენჯერ მიპოვია კონკრეტულ თემებზე პასუხი და თითქმის მოგვარებული, გადაწყვეტილი და დასრულებული საქმით გამოვსულვარ ბოსტნიდან. თან გადაუღლელი გონებით, რა თქმა უნდა… -გავრცელებული აზრია, რომ ქალს, რომელიც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა, საოჯახო საქმეები გაუკეთებელი რჩება. -ქალი, ჩემთვის, იწყება სწორედ “კუხნიდან”, ოჯახიდან… ვის რისთვის სჭირდება იმ ქალის პროფესიონალიზმი, ვინც ქმარ-შვილს, ოჯახს ვერ უვლის. იცით, რამდენი საქმე მაქვს განქორწინებაზე? დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი, თუმცა ამაზე სხვა დროს… დიახ, ამაზე სხვა დროს აუცილებლად გავესუბრებით ქალბატონ ჯიტა გულუას, მანამ კი, მიიღეთ მისი რჩევა, -არ დარჩეთ საკუთარი ბოსტნისა და საკუთარი ხელებით მოყვანილი ჯანმრთელი პროდუქტის გარეშე. “ზუგდიდელები”
0